შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ექსპერტები მავნებლებთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებას სამაგალითოდ მიიჩნევენ

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის  ქვეყნების მცენარეთა დაცვის ექსპერტები მავნებლებთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებას სამაგალითოდ მიიჩნევენ

/ სურსათის უვნებლობა

23-26 ივნისს საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO)  64-ე  რეგიონულ სამუშაო  შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც ორგანიზაციის წევრი   ქვეყნების 20 -მდე დელეგატი  მონაწილეობს. 
რეგიონული შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა  მისასალმებელი სიტყვით  გახსნა.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაცია  (EPPO) სწორედ საქართველოში მართავს შეხვედრას, სადაც მცენარეთა დაცვის მიმართულებით მსოფლიო  სტანდარტები და ფიტოსანიტარიული  რეგულაციები განიხილება, ასევე, ქართველი მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს გაუზიარებენ დაგროვილ  გამოცდილებას  ისეთ მავნებლებთან ბრძოლის  მიმართულებით, როგორებიცაა აზიური ფაროსანა და იტალიური კალია“, - განაცხადა  ლაშა ავალიანმა.
სურსათის ეროვნული სააგენტო, როგორც მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიზაცია წარმოადგენს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან უწყებას, რომელიც  ახორციელებს მასშტაბურ ღონისძიებებს   ისეთი მავნებლების საწინააღმდეგოდ, რომლებსაც მასობრივი გამრავლება ახასიათებს და სოფლის მეურნეობს დიდ საფრთხეს უქმნიან. აღინიშნა, რომ საქართველოში EPPO-ს მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრის გამართვა,  ქვეყნის ფიტოსანიტარიული სისტემის ნდობის გამოხატვასთან ერთად, იმ პროგრესის აღიარებაცაა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  ბოლო წლებში,  საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების დანერგვის (ISPM) მიმართულებით განახორციელა.  
„მსოფლიოში არსებულმა  კლიმატური ცვლილებებმა და ჭარბმა ნალექებმა  პრობლემები შექმნა სოფლის მეურნეობაში. ამ ფონზე ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, რომ  ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტები იმყოფებიან საქართველოში სამუშაო ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც შემუშავებული იქნება რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება ფერმერებს და ქვეყნებს  არსებული გამოწვევების დაძლევაში“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა. 
რეგიონულ  სამუშაო შეხვედრას  ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკო ჰორნი ხელმძღვანელობს.  მისი შეფასებით, აზიური ფაროსანასთან  ბრძოლის კუთხით    საქართველოს გამოცდილება არის უნიკალური და   სამაგალითო. 
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ღონისძიებების  მასშტაბმა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნამდვილად აიღო  პასუხისმგებლობა ფაროსანას  კონტროლის მიმართულებით ისეთი მასშტაბით, როგორიც სხვა ქვეყნებში არ მინახავს. ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითია - თუ გსურთ ამ მავნებლის კონტროლი, უნდა მიიღოთ ზომები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ამას ფერმერებთან მჭიდრო თანამშრომლობით აკეთებთ; მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა EPPO გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკო ჰორნიმ. 
სამუშაო  შეხვედრების ფარგლებში მონაწილეები ფიტოსანიტარიულ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.  
ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის მცენარეთა დაცვის ორგანიზაცია (EPPO)  52 წევრ ქვეყანას აერთიანებს და  პასუხისმგებელია მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ჰარმონიზაციაზე ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონში. საქართველო  2015 წელს გაწევრიანდა ორგანიზაციაში და ამ პერიოდიდან  ჩართულია მცენარეთა დაცვის ერთიან ევროპულ ქსელში, ქართველ სპეციალისტებს აქვთ წვდომა უნიკალურ მონაცემთა ბაზებზე (მავნე ორგანიზმები, ლაბორატორიული სტანდარტები, დიაგნოსტიკური პროტოკოლები) .