სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს
/ ვეტერინარია
იპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი და ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
შეხვედრებზე განიხილეს პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის დაწყების ორგანიზაციული საკითხები, ასევე, პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელი თანამშრომლობის მექანიზმები.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია. ამ მიზნით, კარდაკარ პრინციპით განხორციელდება პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-ვაქცინაცია მიკროჩიპების გამოყენებით და მათი მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ძაღლების ჰიპერპოპულაციის ეფექტიან მართვას, ცხოველების მიტოვების შემთხვევების შემცირებასა და დაკარგული ცხოველების იდენტიფიკაციის გამარტივებას. ამასთან, პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცოფის დაავადების გავრცელების პრევენციაში, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.