სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სიმინდის მასივების მფლობელებთან შეხვედრა

სიმინდის მასივების მფლობელებთან შეხვედრა

/ სააგენტოს სიახლე

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები აბაშაში სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებს შეხვდნენ.

ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია გააცნო.

აბაშის კულტურის სახლში გამართულ შეხვედრას პარლამენტის აგრარული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია ესწრებოდნენ.

სახელმწიფო შეწამვლით ღონისძიებებს დიდ საყანე ფართობებზე ჩაატარებს, თუმცა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერის აქტიური ჩართულობაც.

პარლამენტის აგრარული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ მიმდინარე წელი გარდამტეხია ფაროსანასთან ბრძოლაში. 
“სრული მზაობაა იმისათვის, რომ ამ გამოწვევას ფერმერებთან ერთად გავართვათ თავი. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რგოლის ჩართულობა. ეს წელი იქნება გარდამტეხი მავნებელთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ფაროსანას ბიოლოგიის შესახებ ისაუბრა და ფერმერების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შარშან ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ფერმერებმა სიმინდის კარგი მოსავალი მიიღეს და მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს მავნებლის რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება.

ფერმერები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სტრატეგია ყველა სტანდარტის დაცვით არის შედგენილი და გათვალისწინებულია ფერმერთა ინტერესები, რაც, მათივე თქმით, ხელს შეუწყობს მოსავლის რაოდენობის ზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას.