სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ფაროსანას ფიტოსანიტარიული რეგულირების ჩარჩოები რომში განიხილეს

ფაროსანას ფიტოსანიტარიული რეგულირების ჩარჩოები რომში განიხილეს

/ სააგენტოს სიახლე

რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შტაბბინაში გაიმართა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) ფიტოსანიტარიულ ღონისძიებათა კომისიის მე-14 გენერალური სესია, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი დაესწრო. სესიაზე, რომელშიც 145 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი და 30 სადამკვირვებლო ორგანიზაცია მონაწილეობდა, მცენარეთა დაცვის საკითხები - ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერება, მცენარეთა და მცენარეული პროდუქტებით უსაფრთხო ვაჭრობა, ტრანსსასაზღვრო მავნებლების მონიტორინგი და შემოსულ ტვირთებთან დაკავშირებული მავნებლების გავრცელების რისკების შემცირების გზები განიხილეს. 
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მცენარეთა დაცვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 
"გაზრდილი საერთაშორისო ვაჭრობისა და ტურიზმის ფონზე, იზრდება მცენარეთა მავნე ორგანიზმების გავრცელების რისკი სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცენარეთა დაცვას დაავადებებისა და მავნებლებისაგან,“ - განაცხადა. ზურაბ ჩეკურაშვილმა. 
ფიტოსანიტარიულ ღონისძიებათა კომისიის სესიაზე განიხილეს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიოს 26 ქვეყნის მეცნიერის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „აზიური ფაროსანას ფიტოსანიტარიული რეგულირების ჩარჩოები“.
მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის ფიტოსანიტარიულ ღონისძიებათა კომისიის შეხვედრების მიზანია მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და მონაწილე ქვეყნებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და რესურსების კოორდინაცია მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად.