გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თხილის დაცვის პროგრამაზე დარგის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს
/ სააგენტოს სიახლე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თხილის კულტურის დაცვის კომპლექსურ პროგრამაზე, მეთხილეობის დარგის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან აქტიურად მუშაობს. ამ მიზნით მუდმივად იმართება შეხვედრები მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან და დარგის წარმომადგენლებთან. ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში სახელმწიფოსთან ერთად, დარგობრივი ასოციაციები და ფერმერები მონაწილეობენ. თხილის მავნებლებისა და სხვა სოკოვანი დაავადებებისგან დაცვის მიზნით, დაგეგმილია მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება, მათ შორის, ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა მათ დროულად განახორციელონ საჭირო აგროღონისძიებები და თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება.
თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს განიხილავენ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენციაზე, რომელიც 11 თებერვალს, ზუგდიდში გაიმართება. კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრება. შეხვედრაზე, წარმოდგენილი იქნება სახელმწიფოს ხედვა თხილის კულტურის დაცვისა და დარგის განვითარების შესახებ.
კონფერენციას მცირე ფერმერები, თხილის მსხვილი მწარმოებლები, კომპანია „აგრიჯორჯია/ფერერო“, ექსპორტიორები, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები და საერთაშორისო ორგანიზაციები დაესწრებიან.