ქართველი და უცხოელი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს თბილისში განიხილავენ
/ სააგენტოს სიახლე
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს განიხილავენ ქართველი და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი მეცნიერები ორდღიან კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარეობს.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ქართველ სპეციალისტებს ბოლო ორ წელიწადში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდათ, რაც დღეს უკვე შესაძლებელია, უცხოელ კოლეგებსაც გაუზიარონ. „მავნებლის საწინააღმდეგოდ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების მიუხედავად, აზიური ფაროსანა კვლავაც რჩება გამოწვევად. სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლას, სტრატეგიის შესაბამისად, მომავალ წელსაც გააგრძელებს. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება თხილის ხარისხის და მოსავლიანობის გაზრდა იქნება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია წარმოადგინეს კომპანია „აგრიჯორჯია/ფერეროს“ წარმომადგენლებმა. აღინიშნა, რომ თხილის კულტურაში დაზიანება და მოსავლის დანაკარგი ძირითადად სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებისგან არის გამოწვეული, რომელთა წინააღმდეგ აუცილებელია გატარდეს აგროღონისძიებები.
კონფერენციის ფარგლებში ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთისა და მეზობელი ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მავნებელთან ბრძოლის ქიმიურ და ბიოლოგიურ მეთოდებზე მსჯელობენ. კონფერენციას ესწრება პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი, რომელიც მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში 2016 წლიდან არის ჩართული.
კონფერენცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის - USAID/GHIP მხარდაჭერით იმართება.