სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ტუბერკულოზი

რა არის ტუბერკულოზი?
ტუბერკულოზი მრავალი სახის ცხოველისა და ფრინველის ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა ორგანოში სპეციფიკური კვანძების წარმოქმნით.

რომელი ცხოველები ავადდებიან ტუბერკულოზით?
დაავადების მიმართ განსაკუთრებული ამთვისებლობით გამოირჩევა მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ფრინველი. იშვიათად ავადდება ცხვარი, თხა, ცხენი და ძაღლი.  

რა საფრთხეს წარმოადგენს ტუბერკულოზი ადამიანისთვის?
ადამიანი ტუბერკულოზით შეიძლება დაავადდეს ჰაერწვეთოვანი, ალიმენტალური და დაავადების წყაროსთნ პირდაპირი კონტაქტის გზით. დაინფიცირება  ასევე  შესაძლებელია ავადმყოფი ცხოველიდან მიღებული პროდუქტის მიღებით. 

როგორ ვრცელდება ტუბერკულოზი?
დაავადების გავრცელების ძირითადი წყაროა დაავადებული ცხოველი, რომელიც აღმძვრელს გამოჰყოფს რძესთან, ფეკალიასა და ცხვირის  გამონადენთან ერთად. დაავადება ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის დროს, აღმძვრელით დასვრილი საძოვრის, ქვეშსაფენის და უმი რძის გამოყენებისას. 

რა  კლინიკური ნიშნები აქვს ტუბერკულოზს?
ცხოველებში დაავადება ძირითადად მიმდინარეობს ფარული ფორმით, ქრონიკულად. ინკუბაციური პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია (14-40 დღე). დაავადებულ ცხოველს კლინიკურად აღენიშნება სისუსტე, მადის დაქვეითება, წონის დაკლება (კახექსია), ცვალებადი ცხელება, ხველა, დიარეა, ლიმფური კვანძების გადიდება. 

როგორ მოვიქცეთ ტუბერკულოზზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში?
დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დაავადებული ცხოველი უნდა გამოვყოთ ჯანმრთელებისაგან. დიაგნოზის დასმის მიზნით ვეტერინარი ექიმი ატარებს ტუბერკულინიზაციას. 

როგორ ხდება ტუბერკულოზი დიაგნოზის დადგენა?
დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური ნიშნების, პათანატომიური ცვლილებების და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე. ცხოველებში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებული მეთოდია ტუბერკულინიზაცია (ალერგიული მეთოდი),  ხოლო ცხოველის სიკვდილის ან იძულებითი დაკვლის შემთხვევაში დაავადების დადასტურება ხდება ბაქტერიული კვლევის მეთოდით. 

როგორ ხდება ტუბერკულოზის მკურნალობა?
დაავადებული ცხოველები მკურნალობას არ ექვემდებარებიან. დიაგნოზის დასმის შემდგომ ხდება სასაკლაოზე მათი სანიტარიული წესით დაკვლა. ტუბერკულოზის გენერალიზებული ფორმის დროს ცხოველის ტანხორცი ნადგურდება. თუ დაკვლის შემდგომ ლიმფურ კვანძებში, ქსოვილებსა და ორგანოებში ტუბერკულოზური დაზიანებები არ აღმოჩნდება, ტანხორცსა და დაკვლის სხვა პროდუქტებს უშვებენ შეუზღუდავად. 

ტუბერკულოზის პრევენცია და კონტროლი
დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ცხოველის მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს დაავადებაზე საეჭვო ცხოველის იზოლირება ჯანმრთელი სულადობიდან და დაუკავშირდეს ვეტერინარს, რომელიც გამოიკვლევს საეჭვო ცხოველს ალერგიული მეთოდით (ტუბერკულინიზაცია). 

რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ?

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების პრევენციის და კონტროლის მიზნით ახორციელებს: 

ფერმებში ალერგიული მეთოდით (ტუბერკულინიზაცია) მსხვილფეხა პირუტყვის გამოკვლევას;

• ცხოველთა სასაკლაოებზე დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ ზედამხედველობას. 

წყარო: https://www.woah.org/en/home/

ეპიდემიოლოგია და ცხოველთა ინფექციური დაავადებები - ჯემალ ბაბაკიშვილი 2012