შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით “ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით “ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს

/ გამოვლენილი დარღვევები

,,ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, მიუხედავად იმისა,  რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს „ნესტლე საქართველოს“ მიერ კომპანიის მიერ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქციის - მშრალი სწრაფად ხსნადი რძის ნარევების ბაზრიდან კონკრეტული პარტიების ამოღება/გამოთხოვის პროცესზე, კერძოდ:

* NAN 1 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ –  51490346AA, 51750346AB, 51810346AA;

* NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ –  51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;

 
* NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A;

* NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811;

სურსათის ეროვნული სააგენტო  და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებენ მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი აქვს  პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს!

აღნიშნულ პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლებსაც დარგის სპეციალისტებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.  აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს. 

 
Cereulide/ცერეულიდი არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ. თუ ბავშვმა მიიღო ამ ტოქსინით დაბინძურებული  საკვები, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება საკვების მიღებიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში, ქრება 24 საათის განმავლობაში.

  
ამ ეტაპზე, ევროპის ქვეყნებში ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ინფორმაციისთვის,  ზემოთ აღნიშნული საკვების მიღებისას, ამ სიმტომების გამოვლენის შემთვევაში, სასურველია დაუკავშირდეთ პედიატრს, რომელიც საჭიროებისამებრ განსაზღვრავს მკურნალობას ან მეთვალყურეობას.

აღსანიშნავია, რომ ბაზრიდან მხოლოდ  მოცემული  პარტიების გამოთხოვა ხდება, რომლებიც კომპანიის შეფასებით, შესაძლოა, შეიცავდეს პოტენციურ რისკებს.  ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა   არ ვრცელდება პროდუქციის სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებითაც კომპანია Nestlé  წარმოდგენილია საქართველოში.
აღნიშნული შესახებ „ნესტლე საქართველომ“ დაუყოვნებლივ აცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და თანმშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პარტიების იდენტიფიცირების და ამოღების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.