სურსათის ეროვნული სააგენტო - არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი!
/ გამოვლენილი დარღვევები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ.
შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან. მოკვლევა გრძელდება.
ამჯერად პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა. მისი განმარტებით, ფარში შეიძინეს ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში, თუმცა, ზუსტ ადგილს ვერ აკონკრეტებს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა 2!
ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას.
ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.