სეს-მ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული 12 ობიექტი დააჯარიმა
/ გამოვლენილი დარღვევები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა გურიის რეგიონსა და აჭარაში არსებულ 49 ობიექტში, მათ შორის ვეტერინარულ აფთიაქებში, ვეტერინარულ კლინიკებსა და ზოომაღაზიებში. ობიექტების უმეტესობა დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. 12 ობიექტი, ვადაგასული პრეპარატების, ეტიკეტირების, შენახვისა და რეალიზაციის წესების დარღვევისთვის, აგრეთვე, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელსაც აქტიურად აგრძელებს. დაგეგმილია ყველა ობიექტის შემოწმება და ინსპექტირებების რაოდენობის გაზრდა. აღნიშნული კონტროლი ხელს უწყობს უხარისხო და ვადაგასული პრეპარატების ქსელიდან ამოღებას, მოსახლეობისა და ფერმერების ინტერესების დაცვას.
2021 წელს 628 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, საიდანაც 144 შემთხვევაში გამოვლინდა შეუსაბამობები, რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.