სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ზურაბ ჩეკურაშვილი: „რეგიონების ხელმძღვანელებთან ერთად, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმა“

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.სააგენტოს უფროსმა ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით არსებულ  იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელთა დასაძლევად მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.„სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია საბავშვო ბაღებსა და სასწავლო დაწესებულებებში არსებული კვების ბლოკები, რადგან საქმე მომავალი თაობის ჯანმრთელობას ეხება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  სურსათის ეროვნული სააგენტო წყლის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს, ტარდება ლაბორატორიული კვლევა.  მიმდინარე წელს დაგეგმილია სასმელი წყლის 850 სინჯის აღება“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა. სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხიც, რაც სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და უფასოა; თუმცა, მიუხედავად ამისა, აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობა მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში კვლავ გამოწვევად რჩება მიუსაფარი ცხოველების საკითხი, რაც ყველა შესაბამისი უწყების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.რაც შეეხება მცენარეთა დაცვის მიმართულებას, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა მცენარეთა დაცვის საშუალებებზე, აგროქიმიკატებსა და პესტიციდებზე, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების ერთობლივ, შეთანხმებულ საქმიანობას, რათა მოსახლეობამ სრულად და შეუფერხებლად  ისარგებლოს იმ სერვისებით, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე  სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.

იხილეთ სრულად

საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო  შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22),  ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „მადლი“ - საშაურმე “OK”,  ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი - არაგეგმური ინსპექტირება  განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები (შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი).ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში  აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - Salmonella, ასევე Proteus spp (პროტეუსის ბაქტერია), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები.შპს „მადლს“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააქტიურა. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული  600-მდე ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.  პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს ნიმუშების აღება. შემოწმების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს. „გააქტიურებული კონტროლის მიზანია უხარისხო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის აღკვეთა. ამავდროულად, მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად, მნიშვნელოვანია ფერმერებმა დროულად ჩაატარონ  აგროსამუშაოები, სწორად შეარჩიონ პრეპარატი და  დაიცვან მისი გამოყენების დოზა და ვადები“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა მესხმა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს შემოწმებული 600 ობიექტიდან 35 დარღვევა გამოვლინდა,  500-მდე გაიზარდა გამოსაკვლევი ნიმუშების რაოდენობა, საიდანაც  2 დარღვევა დაფიქსირდა.  პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებთან მიმართებაში, 2019 წლიდან გამკაცრდა საკანონმდებლო მოთხოვნები. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისთვის,  სავალდებულოა  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

იხილეთ სრულად

ევროკომისიამ ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა

ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებმა (DG SANTE) 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ქართულ თხილში  აფლატოქსინების  სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, აუდიტი განახორციელეს. სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ევროკომისიის  აუდიტორებს მიაწოდა სათანადო დოკუმენტაცია  და ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც სახელმწოფო კონტროლის ფარგლებში ხორციელდება. წარდგენილი იყო საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქციის შემოწმების სრული ჯაჭვი. სახელმწიფო კონტროლის სისტემის ეფექტიანობა ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე შეფასდა.  სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფმა, აუდიტორების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიმუშავა  და წარადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც დირექტორატის წარმომადგენლებმა მოიწონეს. შედეგად, ევროკომისიის  ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალურმა დირექტორატმა (DG SANTE) ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა, რაც ხელს შეუწყობს ქართული თხილის ექსპორტს ევროპის ბაზარზე დამატებითი პროცედურებისა და შეფერხების გარეშე.

იხილეთ სრულად