საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ცოფით ინფიცირების რისკებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოში გარეული და მიუსაფარი ცხოველებიდან შინაური ცხოველების ცოფით ინფიცირების რისკის შეფასების“ პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ  წარმოდგენილი  რეკომენდაციები სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.აღინიშნა, რომ  ვეტერინარული რისკების შეფასების ინიცირების პროცედურების განხილვისას,  სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ   პრიორიტეტულად   დაავადება ცოფით ინფიცირების რისკები მიიჩნია (ცოფი ცხოველებსა და ადამიანებში მწვავე მიმდინარეობით და  100%-იანი ლეტალობით ხასიათდება).  „სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება სხვადასხვა ინფექციური დაავადების, მათ შორის ცოფის  საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რასაც  სახელმწიფო ფერმერებს უსასყიდლოდ  სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 70%-მდე შემცირდა, თუმცა, ამ დაავადების სრულად აღმოფხვრა მსოფლიოს გამოწვევაა და ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ორგანიზაციების  დღის წესრიგს”, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ  ვასილ ბასილაძემ. მონაწილეებმა  დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ინფიცირების და დაავადების პრევენციის საკითხები, იმსჯელეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე, რომლებიც  ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) სამეცნიერო ანგარიშის (ევროკავშირში ცოფის მონიტორინგისა და ჰარმონიზებული სქემების შემუშავება) საფუძველზე მომზადდა და, დაავადებების სრულად აღმოფხვრის მიზნით, რეგიონულ დონეზე მოსაზღვრე ქვეყნებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას გულისხმობს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული და ჩართულ მხარეებთან  შეჯერებული ვერსია, შემდგომი აღსრულებისათვის წარედგინება სურსათის ეროვნულ სააგენტოს;  განისაზღვრა იმ უწყებების ჩამონათვალი , რომლებიც პასუხისმგებელნი  იქნებიან შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე.  შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები.  2015 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE)  ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ფარგლებში მიზნად დაისახეს, რომ 2030 წლისათვის მსოფლიოში  ნულამდე იქნეს დაყვანილი ძაღლიდან ადამიანზე ცოფის ვირუსის გადაცემის შემთხვევები. საქართველოც უერთდება ამ გამოწვევას, შესაბამისად აღნიშნულ ეტაპზე მნიშვნელოვანია ცოფის რისკის შეფასება გარეული და მიუსაფარი ცხოველებიდან და შემდგომ არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა.   

იხილეთ სრულად

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის მონიტორინგს იწყებს. აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებში ახორციელებენ. პარალელურად, საკოორდინაციო მართვის ცენტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან. ღონისძიებების პირველი ეტაპის საფუძველზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდება, დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რაც შეამცირებს მავნებლის რაოდენობას და ხელს შეუწყობს გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას. მონიტორინგის შედეგებისა და მავნებლის ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, დაიგეგმება წამლობითი ღონისძიებები. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. მოსავლის დაცვის მიზნით, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აქტიური და ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, მავნებლის გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია ლოკალიზებული, თუმცა, პრევენციის მიზნით, მონიტორინგის სისტემები აღმოსავლეთ საქართველოშიც განთავსდება. 

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „რეტროს“ საქმიანობის უფლება შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 5 ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის  შესახებ. ხუთივე მათგანმა   მიირთვა შაურმა  საშაურმე „რეტროს“ (შპს „ბრაზერს“) ორ სხვადასხვა  მისამართზე (აბასთუმნის ქ. #1ა და სამტრედიის ქ. #9)  მდებარე ობიექტში.მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა აღნიშნულ ობიექტებში სახელმწიფო კონტროლი მყისიერად განახორციელეს.  ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები. ამასთან, საშაურმეებში ზოგადი სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.  "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 66-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საქმიანობის უფლება  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში   რეგისტრაციამდე.     

იხილეთ სრულად

პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხი მაქსიმალურად კონტროლდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი  პესტიციდებისა და აგროქიმიკატების იმპორტიორებს, საბითუმო და საცალო  სარეალიზაციო კომპანიების წარმომადგენლებს  შეხვდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია სპეციალიზებული ობიექტების მიერ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის შესაბამისი  სტანდარტების დაცვა.აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამები, მათ შორის, „თხილის წარმოების ხელშეწყობისა და სუბსიდირების პროგრამა“, რომელთა განხორციელებაშიც დიდ წილი სწორედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატების  ეფექტიანად გამოყენებაზე მოდის. „თხილის სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფო   ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს.  მიმდინარე წელს,  ახალი პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 20 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული, რომელიც მეთხილე ფერმერებისთვის ჰექტარზე  500 ლარის გამოყოფას გულისხმობს და სრულად თხილის მოვლის საშუალებებზე უნდა დაიხარჯოს. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ  ბაზარი   უზრუნველყოფილი იყოს  ხარისხიანი პესტიციდებით და სასუქებით“,  - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.  როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს  უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა,   თხილის წარმოების ხელშეწყობისა და სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებიან პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზატორი ის ობიექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტებს და აქვთ მინიჭებული სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარება. „სააგენტო მაქსიმალურად აკონტროლებს ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხს“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატების  იმპორტიორებთან და მოვაჭრეებთან სურსათის ეროვნული სააგენტო შეხვედრებს რეგულარულად მართავს. 

იხილეთ სრულად