სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე საქართველოში მასშტაბურად აღინიშნა

7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე საქართველოში მასშტაბურად აღინიშნა

/ სურსათის უვნებლობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, საქართველოში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. 

სურსათის მსოფლიო დღის აღსანიშნავად რიყის პარკში გამართულ ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე დაესწრო. მინისტრის მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო  წელსაც მნიშვნელოვანი ღონისძიებებით უერთდება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღნიშვნას, რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. სურსათის უვნებლობის მიმართ სახელმწიფოს მიდგომა არის კომპლექსური და მოიცავს  ყველა  რგოლს - სახელმწიფო უწყებების, მწარმოებლის, მომხმარებლის ჩართულობას. წელს ამ დღის მთავარი გზავნილია „სურსათის სტანდარტები სიცოცხლის დასაცავად“. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვის ჩვენი პოლიტიკის ამოსავალი წერტილია სისტემური მიდგომა და სტანდარტიზაცია“, - აღნიშნა კახა კაკაბაძემ.  

ღონისძიებას პარალმენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი,  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელი სილვიო დომენტე და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება და მუდმივი განვითარება ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წამოადგენს. FAO-ს ათწლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც მოიცავს ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტებს - უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი ცხოვრება -  დიდ როლს თამაშობს 2030 წლისთვის მდგრადი განვითრების მიზნების (SDGs) მიღწევაში. სურსათის უვნებლობა ამ მიზნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში  რაიმუნდ იელემ.  

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მასშტაბების ზრდას.

ღონისძიების ფარგლებში, რიყის პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ,  დაეთვალიერებინათ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, გაცნობოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკურ აღჭურვილობას.

გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ბავშვებისა და მოზარდებისთვის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები გაიმართა.  

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინიციატივით, 2019 წლიდან ყოველწლიურად 7 ივნისს აღინიშნება. წლევანდელი გზავნილია „სურსათის სტანდარტები სიცოცხლის დასაცავად“.