შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა

2013 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები 96%-ით არის შემცირებულიცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით შინაური ცხოველების - ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას ატარებს. სააგენტოს ვეტერინარები პატრონიან და მიკედლებულ შინაურ ცხოველებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ცრიან.სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 2013 წლიდან ატარებს. ყოველწლიურად 300 ათასზე მეტი შინაური ცხოველი იცრება. მიმდინარე წელს უკვე ვაქცინირებულია 260 000-ზე მეტი ცოფის ამთვისებელი ცხოველი; წლის ბოლომდე 320 000 მანიპულაციის ჩატარება იგეგმება.  ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2007 წლის 28 სექტემბერს დაარსდა და უკავშირდება ლუი პასტერის გარდაცვალების თარიღს, რომელმაც 1885 წელს  ცოფის პირველი ვაქცინა შექმნა. სურსათის ეროვნული სააგენტო ინიციატივას 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მსოფლიოსთან ერთად ყოველწლიურად აღნიშნავს. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია „ვიმოქმედოთ ახლა“, რაც გულისხმობს მასშტაბური ვაქცინაციის ორგანიზებას, ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობის განაწილებას ცოფის სრულად აღმოფხვრაში. როგორც ცოფთან ბრძოლის გლობალური ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 19-წლიანი ისტორიის განმავლობაში, პირველად, 2025 წლის გზავნილი არ შეიცავს სიტყვა „ცოფს“, რაც ადასტურებს, თუ რამდენად ეფექტიანია აღნიშნული კამპანია და მასში ჩართული თითოეული ადამიანი - მე, შენ და საზოგადოება, რომელსაც ვითარების შეცვლა და ცოფის სრულად აღმოფხვრა შეუძლია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ცოფის გამოვლენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. მიმდინარე წელს ცხოველებში ცოფის 5 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 1 თბილისში, 1 დედოფლისწყაროში, 1 აბაშაში, 1 მარტვილში (მიკედლებული), 1 გარდაბანში. 2013 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები  დღეს 96%-მდეა შემცირებული (2013 წელს გამოვლინდა ცოფის 116 შემთხვევა). საშიში ინფექციური დაავადების სრულად აღმოფხვრის მიზნით, ქვეყანაში დაიწყო მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა, რომელიც, საწყის ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას და ცოფისა და სხვა დაავადებების პრევენციას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველისთვის შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს საერთო მიზნის მიღწევას - სრულად აღმოვფხვრათ ცოფი! 

იხილეთ სრულად

2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

საქართველოს მთავრობის №288 დადგენილების  „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო  გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, 2026 წლის პირველი იანვრიდან,  ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აიკრძალება.ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის  მისაღებად პირი ვალდებულია, მიმართოს და  სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს  დადგენილებით  განსაზღვრული დოკუმენტები:   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი, ვეტერინარის სერტიფიკატი ან   შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.  2026 წლის იანვრამდე სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა  სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე. სერტიფიკატის   მოქმედების ვადა 2030 წლის პირველ  იანვრამდე განისაზღვრება. წესი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროგრამების/პროექტების (რომლებიც უშუალოდ არ ეწევიან ვეტერინარულ პრაქტიკას) ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.ვეტერინარის საქმიანობის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს: საერთაშორისო სტანდარტის ვეტერინარული სერვისების მიწოდებას, მოქალაქეებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთას, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.

იხილეთ სრულად

ფრინველის ხორცის უვნებელი წარმოება და სალმონელას პრევენცია

ფრინველის ხორცის უვნებელ წარმოებას მიეძღვნა ორდღიანი სემინარი, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძემ გახსნა. ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აშშ-ის ობერნის უნივერსიტეტის მეფრინველეობის მეცნიერებათა დოქტორი ამიტ მორი. სტუმარმა მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლებთან ფრინველის ხორცის გადამუშავების სხვადასხვა ეტაპი მიმოიხილა და ფერმებში სალმონელას პრევენციაზე ისაუბრა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პაატა ქურდაძემ მონაწილეებს სააგენტოს მიერ ფრინველთა სასაკლაოებში განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები და კონტროლის მექანიზმები გააცნო.  სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა/ფრინველთა სასაკლაოებში სახელმწიფო კონტროლს/ გეგმურ ინსპექტირებას წელიწადში ოთხჯერ ატარებს, რაც ითვალისწინებს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სურსათის ჰიგიენის წესების შესრულებაზე ზედამხედველობას; ცხოველის/ფრინველის დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ ვეტერინარულ კონტროლს; საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის აღებას ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით; საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) სისტემის შემოწმებას. გარდა ამისა, სააგენტო იღებს ნიმუშებს ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების გამოსაკვლევად.2025 წელს დაგეგმილია 1300 ნიმუშის აღება.ფრინველის ხორცზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, წარმოებისას დაცული იყოს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბერის №581 დადგენილებით ,,სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ განსაზღვრული მოთხოვნები, რაც უზრუნველყოფს ბაზარზე უვნებელი სურსათის განთავსებას და, შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. 

იხილეთ სრულად

სეს: „მარტვილში მომხდარმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია“

ცოფისა და სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელებისა  და ცხოველთა პოპულაციის მართვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას საქართველოს სამ რეგიონში ახორციელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ კვერნაძის განცხადებით,  საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება იმ ღონისძიებებს, რომლებსაც სააგენტო აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. მარტვილში მომხდარმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია. „ცხოველთა ჯანმრთელობის და, შესაბამისად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების მიზნით, ზოონოზური დაავადებების საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად მილიონობით ვეტერინარულ მანიპულაციას ახორციელებს, რაც ეტაპობრივად ისახება შედეგზე. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ  ამ პროცესში აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან პრობლემის სიმძაფრის გააზრება და გადაჭრის ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა ვასილ კვერნაძემ. 10 სექტემბრის მონაცემებით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თავშესაფარში გადაყვანილი და ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილია 2 113 ძაღლი და კატა (კახეთში - 789, აჭარაში - 513, იმერეთში - 802 ძაღლი და 9 კატა). 2085 -  იდენტიფიცირებულია როგორც დოკუმენტურად, ასევე საყურე ნიშნით (28-ს ჰქონდა საყურე ნიშანი); 1 835 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია. ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა 1 863 ძაღლი/კატა, ამჟამად თავშესაფარში იმყოფება 250 ძაღლი/კატა. ყველა მათგანი ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს. მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის მიზანია ცხოველების პოპულაციის მართვა, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენცია. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოება. პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. 

იხილეთ სრულად