სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

პირველ კვარტალში სააგენტომ სურსათის უვნებლობის სფეროში 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა

სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირება განხორციელდა საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში, ხორცისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო, ასევე, ნედლი რძის თერმული დამუშავების ობიექტებში, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ა.შ.\აღინიშნა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცი  ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე; ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირების წესისა და რეალიზაციის ვადების დარღვევა.სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სულ გამოვლინდა 971 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.მონიტორინგის ფარგლებში აღებულია სურსათის/სასმელი წყლის  817 ნიმუში/სინჯი.პირველ კვარტალში სურსათის ლაბორატორიული კვლევისას არ გამოვლენილა არც ერთი დარღვევა: პესტიციდების ნარჩენები მცენარეულ და ცხოველურ სურსათში (შემოწმდა 72 ნიმუში); ტრანსცხიმები (შემოწმდა 21 ნიმუში); გმო (შემოწმდა10 ნიმუში); ლისტერია (შემოწმდა 50 ნიმუში); ხორცისა და ხორცის პროდუქტების სახეობრივი კვლევა (შემოწმდა 41 ნიმუში); კალციუმის შემცველობა ხორცის პროდუქტებში (შემოწმდა 15 ნიმუში).რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისთვის აღებული 60 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 1 ნიმუშში; ბრუცელოზი აღმოჩნდა ნედლი რძის 2 ნიმუშში, რის შესახებაც ეცნობა ბიზნესოპერატორს და შესაბამისი გამოკვლევის დასრულებამდე აეკრძალა რძის მიღება.მიმდინარე წლის განმავლობაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს სურსათის/სასმელი წყლის 6000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღება აქვს დაგეგმილი.

იხილეთ სრულად

ზურაბ ჩეკურაშვილი: „რეგიონების ხელმძღვანელებთან ერთად, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმა“

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.სააგენტოს უფროსმა ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით არსებულ  იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელთა დასაძლევად მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.„სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია საბავშვო ბაღებსა და სასწავლო დაწესებულებებში არსებული კვების ბლოკები, რადგან საქმე მომავალი თაობის ჯანმრთელობას ეხება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  სურსათის ეროვნული სააგენტო წყლის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს, ტარდება ლაბორატორიული კვლევა.  მიმდინარე წელს დაგეგმილია სასმელი წყლის 850 სინჯის აღება“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა. სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხიც, რაც სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და უფასოა; თუმცა, მიუხედავად ამისა, აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობა მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში კვლავ გამოწვევად რჩება მიუსაფარი ცხოველების საკითხი, რაც ყველა შესაბამისი უწყების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.რაც შეეხება მცენარეთა დაცვის მიმართულებას, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა მცენარეთა დაცვის საშუალებებზე, აგროქიმიკატებსა და პესტიციდებზე, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების ერთობლივ, შეთანხმებულ საქმიანობას, რათა მოსახლეობამ სრულად და შეუფერხებლად  ისარგებლოს იმ სერვისებით, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე  სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.

იხილეთ სრულად

საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო  შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22),  ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „მადლი“ - საშაურმე “OK”,  ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი - არაგეგმური ინსპექტირება  განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები (შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი).ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში  აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - Salmonella, ასევე Proteus spp (პროტეუსის ბაქტერია), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები.შპს „მადლს“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააქტიურა. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული  600-მდე ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.  პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს ნიმუშების აღება. შემოწმების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს. „გააქტიურებული კონტროლის მიზანია უხარისხო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის აღკვეთა. ამავდროულად, მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად, მნიშვნელოვანია ფერმერებმა დროულად ჩაატარონ  აგროსამუშაოები, სწორად შეარჩიონ პრეპარატი და  დაიცვან მისი გამოყენების დოზა და ვადები“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა მესხმა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს შემოწმებული 600 ობიექტიდან 35 დარღვევა გამოვლინდა,  500-მდე გაიზარდა გამოსაკვლევი ნიმუშების რაოდენობა, საიდანაც  2 დარღვევა დაფიქსირდა.  პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებთან მიმართებაში, 2019 წლიდან გამკაცრდა საკანონმდებლო მოთხოვნები. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისთვის,  სავალდებულოა  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

იხილეთ სრულად