საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

გურიის რეგიონში თხილის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია

გურიის რეგიონში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საწარმოებში თხილის მიღება-გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო.„წელს, თხილის მოსავალი მაღალი ხარისხისაა და ჩვენი ამოცანა ამ სტანდარტის შენარჩუნებაა.  ვფიქრობ, ფერმერებთან ერთად, წლევანდელი მოსავლის ხარისხით და საექსპორტო მოცულობით ექსპორტიორი კომპანიებიც კმაყოფილი იქნებიან. აღსანიშნავია, რომ თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება. წლევანდელ სეზონზე საქართველოდან უკვე ექსპორტირებულია 4 ათასი ტონა თხილი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით, 900 ტონით მეტია.  მიმდინარე წელს, თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს“, -  აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.დღეისათვის, გურიის რეგიონში თხილის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე აღებული და დაბინავებულია. თხილის გადამმუშავებელ საწარმოებში თხილის მიღება-გადამუშავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტის თხილის გადამმუშავებელი საწარმოს „გლობალ ექსპორტი“ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. საწარმო აერთიანებს წარმოების სრულ ციკლს, რაც თხილის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამჟამად, „გლობალ ექსპორტის“ საწარმოში 120 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წარმოების გაფართოებას შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით  გეგმავს.   

იხილეთ სრულად

კახეთში კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

  სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები კახეთის რეგიონში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების (კოღოები) საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ. ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. ამ დროისათვის 3500 ჰა ფართობია დამუშავებული.სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სულ  20 000–მდე  ჰა ფართობის დამუშავებაა დაგეგმილი. ტრანსმისული დაავადებების გადამტან მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. მთავრობის განკარგულებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, 2015 წლიდან ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს.შედეგად, მცირდება მწერების პოპულაცია და ტრანსმისიური დაავადებების გავრცელება.

იხილეთ სრულად

ფაროსანას საწინააღმდეგოდ ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. დღეიდან  სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა დასახლებების  ტერიტორიებს თერმული ნისლის გამოყენებით დაამუშავებს. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი თვითმმართველობებთან ერთად 24 საათით ადრე უზრუნველყოფს მოსახლეობის და, მათ შორის, მეფუტკრე ფერმერების ინფორმირებას დეგეგმილ შეწამვლებთან დაკავშირებით. ინფორმაცია ასევე განთავსდება ვებგვერდზე: parosana.ge. ამავდროულად, გრძელდება სიმინდის  ნათესი ფართობების დამუშავება მცირემოცულობიანი შესხურების ტექნოლოგიის გამოყენებით.დღეისათვის მავნებლის საწინააღმდეგოდ სულ დამუშავებულია 37236,5 ჰა ფართობი, დამონტაჟებულია  28818 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 5754 ფერომონიანი დამჭერი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად მავნებლის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, ამ პერიოდში შეინიშნება ახალი თაობის ინდივიდების სიმრავლე.  სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან ერთად ფერმერების ჩართულობა. მათ საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში,  მათ შორის, თხილის ბაღებში, უსაფრთხოების წესებისა  და პრეპარატების ლოდინის პერიოდის დაცვით უნდა ჩაატარონ ფაროსანას საწინააღმდეგო  წამლობა მოსავლის აღებამდე.

იხილეთ სრულად

ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის შემოწმების ჯერადობა 50%-დან 20%-მდე შემცირდება

ევროკავშირის კომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მცენარეთა, ცხოველთა, სურსათისა და ცხოველის საკვების მუდმივმოქმედი კომიტეტის (PAFF) 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ თხილის პარტიებზე საიდენტიფიკაციო და ფიზიკური შემოწმებების სიხშირე 50%-დან 20%-მდე შემცირდება. კომიტეტის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და,  აფლატოქსინებით დაბინძურებისგან თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მიერ 2020 წელს  გატარებული ღონისძიებები. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული თხილის ხარისხის მიმართ ნდობის ზრდასა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიან პოლიტიკაზე მიუთითებს. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიის (EU) 2019/1793 განმახორციელებელი რეგულაციის I დანართში აისახება და გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს ამოქმედდება.

იხილეთ სრულად