შინაგანაწესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) შინაგანაწესი, განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომლებთან (შემდგომში თანამშრომელი) არსებულ სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებს.
2.წინამდებარე შინაგანაწესი ვრცელდება სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მის ტერიტორიულ ორგანოებზე.
3.შინაგანაწესი შესასრულებლად სავალდებულოა სააგენტოს ყველა თანამშრომლისათვის.
4.შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
5.სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი ვალდებულია სააგენტოში მიღებისას თანამშრომელს გააცნოს შინაგანაწესი. ხელმოწერა შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის თანამშრომლის პირად საქმეს.
6.შინაგანაწესის გაცნობა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ დროს.
მუხლი 2. სააგენტოში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები
1.სააგენტოში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინაოს:
ა) თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია - Curriculum Vitae (CV);
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ზ) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
2.ამ დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
მუხლი 3. თანამშრომელთა უფლებები
თანამშრომელს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ყველა დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი თანამდებობის შესაბამისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა ინფორმაცია და მასალა, რომელიც საჭიროა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;
გ) გაეცნოს მის პირად საქმეს, ასევე იმ საბუთებს, რომლებიც შეიტანება მის პირად საქმეში;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.
მუხლი 4. თანამშრომელთა მოვალეობები
თანამშრომელი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) დროულად და კეთილსინდისიერად აღასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონდებლობით, ფუნქციური მოვალეობებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და მითითებებით;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განუხრელად შეასრულოს სააგენტოს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და მისი უშუალო უფროსის დავალებები, გარდა ისეთისა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
დ) დაიცვას სააგენტოს შინაგანაწესი;
ე) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სააგენტოდან გათავისუფლების შემდეგ, არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები;
ზ) შეასრულოს უშუალო უფროსის ან სააგენტოს სხვა ზემდგომი პირების დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს;
მუხლი 5. თანამშრომელთა შეზღუდვები
1. თანამშრომელს ეკრძალება:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე სააგენტოს მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძვლებზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით (გარდა ოფიციალურად დადგენილი შრომითი ანაზღაურებისა);
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან საჩუქრები, ფულადი ან სხვა ქონებრივი სიკეთე, გართობის, დასვენების, სატრანსპორტო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა) ან სხვაგვარი მომსახურება;
გ) გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პოლიტიკური პარტიების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროპაგანდის ან ინტერესების განხორციელებისათვის;
დ) სააგენტოს სახელით დადოს ქონებრივი გარიგება ქონების შეძენაზე, მასთან რაიმე ფორმით დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან ან სხვა დაწესებულებასთან, საკუთარ მეუღლესთან, საკუთარ ან მეუღლის ბებიასთან, ბაბუასთან, მშობლებთან, ძმასთან, დასთან, შვილებთან ან შვილიშვილებთან (ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია);
ე) დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს;
ვ) სააგენტოს მიერ კვალიფიკაციის ამაღლების შემთხვევაში, თუ მისი ვადა წლის განმავლობაში მთლიანად შეადგენს მინიმუმ 7 დღეს, სააგენტოსთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე ან ისეთი ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა, რომლითაც არსებითად არ იცვლება ხელშეკრულების პირობები, შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან 2 წლის განმავლობაში;
2. პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია სააგენტოს გადაუხადოს პირგასამტეხლო ბოლო 4 თვის ხელფასის ოდენობით;
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის მოთხოვნები თანამშრომლის მიმართ ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ შრომითი ურთიერთობა შეწყდა თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის გამო.
მუხლი 6 . ჩაცმის ეტიკეტი და გარეგნული იერი
1. სააგენტოს ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ჩაცმულობის საქმიანი სტილი საერთაშორისო ეტიკეტის შესაბამისად;
2. ყველა თანამშრომელი ვალდებულია გაუფრთხილდეს სააგენტოს ავტორიტეტს და იმიჯს არა მხოლოდ პროფესიონალური ქცევით, არამედ პროფესიონალური იერითაც.
3. თანამშრომელთა ტანსაცმელი უნდა იყოს სუფთა და მოწესრიგებული. ამასთანავე სააგენტოში ჩაცმის წესი მოქმედებს მხოლოდ სამუშაო დღეებში;
4.ჯინსის და არასაქმიანი სტილის ტანსაცმლის წინამდებარე აკრძალვა არ შეეხება იმ თანამშრომლებს, რომლებსაც არ აქვთ უშუალო შეხება მომხმარებლებთან და სტუმრებთან;
მუხლი 7. ელექტრონული ფოსტით და ინტერნეტით სარგებლობის წესები
1. ელექტრონული ფოსტის და ინტერნეტის სისტემები, მათში განთავსებული ინფორმაციის ჩათვლით, წარმოადგენს სააგენტოს საკუთრებას და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ საქმიანი მიზნით;
2. სააგენტოს ელექტრონული ფოსტის სისტემის გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი და/ან მიღებული ინფორმაცია ორგანიზაციის საკუთრებაა და სააგენტოს მათზე წვდომის და გამოყენების შეუზღუდავი უფლება აქვს;
3.თანამშრომლების მიერ ელექტრონული ფოსტის და/ან ინტერნეტის სისტემების მოხმარებისას აღნიშნული წესების დაცვის მონიტორინგი ხორციელდება ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ;
4. ყველა თანამშრომელი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს პირადი ელექტრონული ფოსტა და დროულად გასცეს პასუხი.
მუხლი 8. თანამშრომლის მიერ დავალების სავალდებულო შესრულება
1. სააგენტოს უფროსს სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლია თანამშრომელს დააკისროს სხვა თანამშრომლის მოვალეობების შესრულება ძირითადი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებით ან ძირითად მოვალეობასთან შეთავსებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ არმყოფი თანამშრომლის ხელფასი აღემატება შემცვლელი თანამშრომლის ხელფასს, სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით შემცვლელ თანამშრომელს შეიძლება მიეცეს არმყოფი თანამშრომლის ხელფასი, თუ არმყოფი თანამშრომლის ხელფასი ნაკლებია შემცვლელის ხელფასზე, მაშინ შემცვლელ თანამშრომელს უნარჩუნდება თავისი ხელფასი.
მუხლი 9. მივლინება
1. სააგენტოს უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მიავლინოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2. თანამშრომლისათვის მივლინების ხარჯების ანაზღაურება სააგენტოს მიერ ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით
მუხლი 10. სამუშაო დროის დასაწყისი, დასასრული და შესვენების დრო, სააგენტოში არყოფნის შეტყობინების წესი
1. სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულსა და ტერიტორიულ ორგანოში მომუშავე თანამშრომელთათვის განსაზღვრულია:
ა) ხუთდღიანი სამუშაო კვირა;
ბ) დასვენების დღეები - შაბათი და კვირა;
გ) სამუშაო დროის დასაწყისი 09:30 საათი და დასასრული 18:00 საათი;
დ) დღის განმავლობაში შესვენების დრო 13:30 საათიდან 14:00 საათამდე.
ე) უქმე დღის წინა სამუშაო დღის ხანგრძლივობა მცირდება 1 საათით, საღამოს საათების ხარჯზე.
2. სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება თანამშრომელთათვის დადგინდეს სხვა სამუშაო გრაფიკი.
3. სააგენტოს აპარატში შექმნილია სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა გამოცხადების და სამუშაოდან წასვლის აღრიცხვის კომპიუტერული ბაზა (შემდგომში "ბაზა"). ბაზაში შეყვანილია ცენტრალური აპარატის ყველა თანამშრომელი, რომლებზეც გაცემულია ინდივიდუალური ელექტრონული ბარათი (ბროქსი ბარათი). აღნიშნული ბარათის გამოყენებითა და სააგენტოს შესასვლელში სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით თანამშრომელი აფიქსირებს სამუშაოზე გამოცხადების და სამუშაოდან წასვლის დროს.
4. აკრძალულია ინდივიდუალური ბროქსი ბარათის სხვა პირზე გადაცემა სხვა პირის მიერ ბროქსი ბარათის გამოყენება.
5. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ახორციელებს ზედამხედველობას ბაზის სწორად წარმოებაზე.
6. ბროქსი ბარათის დაკარგვის ან/და არქონის შემთხვევაში სააგენტოს თანამშრომელი სააგენტოში გამოცხადებისთანავე ვალდებულია შეატყობინოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნულის თაობაზე.
7.სააგენტოს თბილისის სამმართველოსა და რეგიონალურ სამმართველოებში თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების და სამუშაოდან წასვლის აღრიცხვა ხორციელდება ჟურნალში, რომლის სწორად წარმოებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ შესაბამისი სამმართველოების უფროსები.
8. სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მიზეზით სამსახურში არყოფნის შესახებ თანამშრომელი ვალდებულია სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსს წარუდგინოს განცხადება სამსახურში არყოფნის პერიოდის შესახებ. განცხადებას უნდა ეთანხმობოდეს უშუალო უფროსი. სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის თანხმობის შემთხვევაში თანამშრომლის სამსახურში არყოფნის დრო ჩაითვლება საპატიოდ. აღნიშნული წესით თანამშრომლის განთავისუფლება დასაშვებია 40 საათი წლის განმავლობაში, ხელფასის ანაზღაურებით. სამსახურის არასაპატიო გაცდენის შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
9. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია აღრიცხოს თანამშრომელთა სამსახურში არყოფნის საათები და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე წარუდგინოს ანგარიში სააგენტოს უფროსს.
მუხლი 11. სურსათის ეროვნულსააგენტოში მოქალაქეთა მიღების წესი
1. სააგენტოში მოქალაქეთა მიღება ხორციელდება წინასწარ შეთანხმებით საშვის (ბროქსი ბარათის) დაშვების შემდეგ. საშვთა ბიუროს მიერ ბროქსი ბარათის გაცემის და დაბრუნების დროს აღნიშნული უნდა იქნას მოქალაქის მოსვლისა და გასვლის დრო.
2. საშვის დაშვების უფლებით სარგებლობენ:
ა) სააგენტოს უფროსი;
ბ) სააგენტოს უფროსის მოადგილეები;
გ) სააგენტოს დეპარტამენტის უფროსები;
დ) სააგენტოს დეპარტამენტის უფროსების მოადგილეები;
ე) სააგენტოს სამმართველოს უფროსები;
ვ) სააგენტოს უფროსის თანაშემწე;
ზ) სააგენტოს უფროსის მოადგილეების თანაშემწეები.
მუხლი 12. ზეგანაკვეთური სამუშაო
1. თანამშრომლის მუშაობა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში დაიშვება სააგენტოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.
2. სამსახურში ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, თანამშრომელთა ზეგანაკვეთური მუშაობა დაიშვება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს ხელმძღვანელის, მისი მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ზეპირი ან წერილობითი დავალების საფუძველზე.
3. თანამშრომლის უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს უფროსი.
მუხლი 13. სამსახურებრივ საკითხებზე გაცემული აქტების თანამშრომელთათვის გაცნობის წესი
1. თანამშრომელთათვის სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული აქტის გაცნობა, გარდა იმ აქტისა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნდა ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში, ხორციელდება:
ა) დანიშნულების მიხედვით სტრუქტურულ ერთეულში შესაბამისი აქტის გაგზავნით და მათი გაცნობის თაობაზე პირადი ხელმოწერის დაფიქსირებით.
ბ) შესაბამისი აქტის სპეციალურ დაფაზე 1 კვირის ვადით მოთავსებით;
გ) თანამშრომლის სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით, აღნიშნულ შემთხვევაში აქტი თანამშრომლისათვის გაცნობილად ითვლება გაგზავნიდან 2 სამუშაო დღის შემდეგ.
2. სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული აქტების თანამშრომელთათვის გაცნობას უზრუნველყოფს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი .
მუხლი 14. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი
1.სააგენტოს თანამშრომელი იღებს ხელფასს (თანამდებობრივი სარგოს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურში თანამშრომელთა ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს) ოდენობა დგინდება საშტატო განრიგით.
3. ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს თანამშრომელთა საბანკო სახელფასო ბარათებზე დარიცხვით.
4. თანამშრომლისათვის პრემია გაიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
5. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში თანამშრომელს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი (თანამდებობრივი სარგო).
მუხლი 15. შვებულება და შვებულების მიცემის წესი
1. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით არანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღით.
2. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით - არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღის და არაუმეტეს 6 თვისა.
3. თანამშრომელთათვის შვებულების მიცემის უფლება აქვს სააგენტოს უფროსს.
4.თანამშრომელს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
5. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
6. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
7. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია დაადგინოს თანამშრომლებისათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.
8. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას თანამშრომელი ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს უშუალო ხელმძღვანელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
9. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასთან, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებასა და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით.
10. სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შესაძლებელია თანამშრომელი ვადაზე ადრე გამოძახებულ იქნეს შვებულებიდან.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სააგენტოში. არგამოცხადების შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია სააგენტოს უფროსს წერილობით აცნობოს არგამოცხადების მიზეზი. არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა წარმოადგენს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.
მუხლი 16. ანაზღაურებადი შვებულების გადატანა და საშვებულებო ანაზღაურება
1. თუ თანამშრომლისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, თანამშრომლის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.
2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
3. თანამშრომლის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება ბოლო თვის ხელფასის მიხედვით.
მუხლი 17. თანამშრომლის წახალისება
1. თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) პრემიის გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) დამატებითი შვებულების მიცემა 10 დღის ვადით;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა;
2. თანამშრომლის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
3. სააგენტოს თანამშრომლის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს სააგენტოს უფროსს.
4.წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შესახებ მოტივირებული წინადადების წარდგენის უფლება აქვს სააგენტოს თანამშრომლის უშუალო უფროსს.
მუხლი 18. თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობა
1.დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) სააგენტოს შინაგანაწესის უხეში ან სისტემატური დარღვევა;
გ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა.
2. თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) გაფრთხილება;
ბ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
გ) სამსახურიდან გათავისუფლება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა 6 თვე.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაში დაუშვებელია თანამშრომლის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენება, გარდა ამ შინაგანაწესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმისა.
5.თუ თანამშრომლის მიმართ 6 თვის ვადაში არ იქნა გამოყენებული ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
მუხლი 19. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება
1. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს თანამშრომლის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.
2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:
ა) გაფიცვა;
ბ) ლოკაუტი;
გ) აქტიური ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება;
დ) საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადება;
ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;
ვ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
ზ) შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;
თ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება, მაგრამარა უმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში;
ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 50 კალენდარულ დღეს;
კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს;
ლ) ანაზღაურების გარეშე შვებულება;
მ) ანაზღაურებადი შვებულება.
3. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში თანამშრომელს არ მიეცემა შრომითი ანაზღაურება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით.
მუხლი 20. თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა
1. თანამშრომლის სააგენტოდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) სამუშაოს შესრულება, რომლის შესასრულებლადაც მიღებულ იქნა თანამშრომელი;
ბ) შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლა;
გ) ერთ-ერთი მხარის მიერ ამ შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა;
დ) ერთ-ერთი მხარის ინიციატივა;
ე) მხარეთა შეთანხმება;
ვ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;
ზ) ხანგრძლივი შრომისუუნარობა - თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 50 კალენდარულ დღეს,ამასთანავე, თანამშრომელს გამოყენებული აქვს ამ შინაგანაწესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შვებულება;
თ) პირის გარდაცვალება;
ი) სააგენტოს ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;
კ) თანამშრომლის არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები.
2.თანამშრომლის სააგენტოდან გათავისუფლება დაუშვებელია თანამშრომლის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის გამო ან/და თანამშრომლის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში.
3. თანამშრომლის ინიციატივით თანამშრომლის სააგენტოდან გათავისუფლების შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია სამსახურის უფროსი წერილობითი შეტყობინებით გააფრთხილოს არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
4.დამსაქმებლის (სააგენტოს) ინიციატივით თანამშრომლის სააგენტოდან გათავისუფლების შემთხვევაში, მას მიეცემა არანაკლებ ერთი თვის ხელფასი.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება მხარეთა მიერ ამ შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
6. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისას დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ერთ-ერთი მხარის ინიციატივით.
მუხლი 21. თანამშრომლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა
1. სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია თანამშრომლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა:
ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას;
ბ) რეორგანიზაციისას;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამედიცინო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე;
დ) სააგენტოს ფუნქციური საჭიროებიდან გამომდინარე;
2.თანამდებობრივი გადაყვანა უნდა მოხდეს თანამშრომლის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაციის) და გამოცდილების გათვალისწინებით.
მუხლი 22. თამბაქოს მოწევა
სააგენტოში თამბაქოს მოწევა შეიძლება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.








ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის