სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიზნესსექტორთან აქტიურად თანამშრომლობს

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე  დამატებითი  განმარტებები გაკეთდა   „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების“ ტექნიკურ რეგლამენტზე.  

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა  მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან  ნებისმიერი ახალი რეგულაციის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით.

 „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების“ ტექნიკური რეგლამენტი პირველი მარტიდან შევა ძალაში. პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე გავრცელდება გარდამავალი პერიოდის რეგულაცია. ეს პერიოდი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდისთვის.

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს,  სურსათის ეროვნული სააგენტოს, ბიზნესომბუდსმენის აპარატის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობითა და დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის მონაწილეობით  გაიმართება ინტენსიური შეხვედრები.  ბიზნესოპერატორებს მიეცემათ რეკომენდაციები და  განმარტებები იმისათვის, რომ ეფექტიანად განხორციელდეს რეგულაციის აღსრულება. მომზადებულია „სახელმძღვანელო მითითებები - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ“, რომელიც განთავსებულია  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს  ვებგვერდებზე:  http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/9398; http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7630.pdf.