სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ჟურნალისტებისთვის მედიასემინარი გაიმართა

სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა მედიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისა და შედეგების შესახებ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები მომავალ წელსაც სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად გაგრძელდება, რაც მოიცავს ფართომასშტაბიან მონიტორინგს, შეწამვლით ღონისძიებებს, საინფორმაციო კამპანიასა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. 
„ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია მედიის როლი და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მიმდინარე წელს მავნებლის საწინააღმდეგოდ თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში 790 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა. სამუშაოებმა 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელი მოიცვა. მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსდა 8000 მდე ფერომონი (მავნებლის მისაზიდი). ტყის პერიმეტრებსა და სოფლების ტერიტორიებზე დამონტაჟდა 100 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური; განხორციელდა აქტიური საინფორმაციო კამპანია, რაც მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, დასავლეთ საქართველოში მავნებლის პოპულაცია შემცირდა, მისი გავრცელების არეალი შენარჩუნდა ძველ საზღვრებში და არ გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში.