სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კვერცხის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს შპს „კრეატივი+“-ში, სადაც 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი აღმოჩნდა.

საეჭვო წარმომავლობის კვერცხი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

2013 წლის მაისში „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი.