სუნელების და სანელებლების რეალიზაცია ახალი წესებით მოხდება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელების და სანელებლების წარმოება- გადამუშავებასა და  ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება.

რისკის მართვის დროებითი ზომების მოქმედების   ვადა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 წლით. ახალი წესების თანახმად:

  • იკრძალება  ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა)  მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია;
  • ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა  მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა;
  • ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით, რაც  უზრუნველყოფს  მიკვლევადობას და ეფექტიანი  სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით,  სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%)  გამოვლინდა ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა. დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში (88%), იმ ფიზიკური პირების, ასევე კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის დროს, ადგილი ჰქონდა სავარაუდო ფალსიფიკაციის შემთხვევებსაც, მათ შორის, არასასურსათო დანიშნულების ნედლეულის გამოყენების ფაქტებს. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა რისკის მართვის დროებითი ზომები, რაც მიზნად  მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას ისახავს.