ჟურნალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სამეგრელოს რეგიონში გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში  მედიატური გაიმართა. მედიასაშუალებების წარმომადგენლები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას  და არსებულ ვითარებას გაეცნენ.  

სამდღიანი მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა მოინახულეს აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს მიერ შემუშავებული სქემით უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შტაბის  ხელმძღვანელებისაგან ჟურნალისტებმა მოისმინეს ინფორმაცია მავნებლის მონიტორინგის შედეგების შესახებ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით  მიმდინარეობს და მონაცემები ყოველდღიურ რეჟიმში განახლებადია. ქვეყნის ტერიტორიაზე (მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში), დამონტაჟებულია 9 ათასამდე  მონიტორინგის სისტემა. დღეს   არსებული შედეგებით, მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და კვლავაც სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ტერიტორიაზე ფიქსირდება. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მიმდინარეობს შეწამვლითი ღონისძიებები.

მოსახლეობის ოპერატიულად ინფორმირების მიზნით, ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ადგილობრივ თვითთმართველ ერთეულებს,  მუშაობს ცხელი ხაზი.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მავნებელთან ბრძოლის ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა. მიმდინარე  წელს, მობილიზებულია  150 ერთეული მაღალი გამავლობის ტექნიკა, რაც  შარშანდელთან შედარებით გაათმაგებულია.

მედიატური ფარგლებში ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მეთხილეთა ასოციაციაში შეხვედროდნენ ადგილობრივ ფერმერებს  და მოესმინათ ინფორმაცია დარგში არსებულ ვითარებაზე. ფერმერებმა ხაზგასმით  აღინიშნეს, რომ აზიური ფაროსანას გავრცელება  წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ასევე ეგრეთ წოდებული ანჯელის მასივის საყანე ფართობებში მიმდინარე მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები.

დღეის მონაცემებით,  დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 360 ათასამდე ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით - 13 ათასზე მეტი ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) – 27 ათასზე მეტი ჰექტარი. მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

„აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფოს მიერ  შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს.  ამ სტრატეგიის ერთ ერთი ძირითადი მიმართულებაა აქტიური საინფორმაციო კამპანია და საზოგადოების ინფორმირებულობა. მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ იმ სამუშაოებს, რომლებსაც სააგენტოს სპეციალისტები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ და ენახათ მიღებული შედეგი. „სისტემური და ორგანიზებული მუშაობის შედეგია, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, გვაქვს ხელშესახები შედეგი და მავნებლის პოპულაცია შემცირებულია.  ჩვენ ვაგრძელებთ კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს აქტიურ მონიტორინგს, შეწამვლით სამუშაოებს და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სამდღიანი მედიატური ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ჩატარდა.