ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ყველა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში.
ამ დროისთვის უკვე განთავსებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რომელთა მეშვეობითაც ნადგურდება გამოსული მავნებელი. მუდმივი მონიტორინგის შედეგად მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის მიერ განისაზღვრა პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები, სადაც კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაიწყება ფართობების თერმული ნისლით დამუშავება.
ღონისძიებების განხორციელებისთვის დასავლეთ საქართველოში მობილიზებული და რეგიონების მიხედვით გადანაწილებულია 250 ერთეულზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა.
მავნებელთან ბრძოლის მეთოდებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის გაცნობის მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობს შეხვედრები მოსახლეობასთან. 
„სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად არის მობილიზებული ყველა რესურსი იმისათვის, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და შეუფერხებლად ჩატარდეს. ტემპერატურის მატებასთან ერთად, მავნებელი იწყებს გამოსვლას და ემზადება კვერცხდებისთვის. ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, მავნებლის ბიოლოგიური თავისებურებებიდან და ფაზებიდან გამომდინარე მიმდინარეობს. ფაროსანასთან ბრძოლის ამ ეტაპზეც უმნიშვნელოვანესია თითოეული რგოლის და მოსახლეობის ჩართულობა, ყველა მეთოდის, მათ შორის, განადგურების მექანიკური საშუალებების გამოყენება, იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რიცხოვნობა და ნაკლებად დაზიანდეს სასოფლო-სამეურნეო კულტურები“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ. 
მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრში შექმნილია გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოხდება მოსახლეობის ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.