აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი სამეგრელოს რეგიონში ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილესთან ტომას მორისთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის ის აღჭურვილობა დაათვალიერა, რომლებიც საქართველოს მთავრობას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში, საჭირო პრეპარატებთან ერთად, უსასყიდლოდ გადაეცა.
„ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს რამდენიმე მიმართულებით განეხორციელებინა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები. მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად მომზადდა მავნებელთან ბრძოლის სტრატეგია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს ქიმიური წამლობის სწორად დაგეგმვას. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად ჩატარება მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისთვის და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
სენაკის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტისა (REAP) და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფერმერები მონაწილეობდნენ.

სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) ორჯერადი დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც აპრობირებულია საქართველოში. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

გალერეა