აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებაში მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, მოსახლეობისთვის პრეპარატების  და ფერომონების (მოსაზიდი ხაფანგების) გადაცემის პროცესი დასავლეთ საქართველოს რეგიონების   მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის იმ ნაწილმა კი, რომელსაც პრეპრატები და შესაბამისი საინფორმაციო მასალები დაურიგდა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება საკარმიდამო ნაკვეთებში და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ უკვე დაიწყო.  შეწამვლითი სამუშაოების მიმდინარეობას  ადგილზე ეცნობიან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და მოსახლეობას  პრეპარატების გამოყენების შესახებ რეკომენდაციებსაც აძლევენ.  შეწამვლითი სამუშაოების მიმდინარეობას  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურან ჩეკურაშვილი და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები   ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებებში გაეცნენ. აღინიშნა, რომ პრეპარატების დარიგების პარალელურად გაგრძელდება მავნებლის გავრცელების მონიტორინგი და აქტიური საინფორმაციო კამპანია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს 230 ათას ლიტრ პრეპარატს და ფერომონებს (მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს) გადასცემს. სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებისთვის პრეპარატების გადაცემა და მისი მოსახლეობისთვის დარიგების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს  გადასცემს. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

გალერეა