500 კილოგრამზე მეტი საეჭვო წარმომავლობის ხორცი განადგურდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დარღვევები დაფიქსირდა შპს „აგროფერმა"საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში, რის გამოც თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა  500 კილოგრამზე მეტი ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცი დალუქეს. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად  დაჯარიმდა და ხორცის განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. მიმდინარე თვეში შპს."აგროფერმა" სააგენტოს მიერ ორჯერ დაჯარიმდა , ასევე დარღვევბი გამოვლინდა შპს "ახალი ხორცის" საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში.

ხორცის მაღალი რისკის სურსათია და სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურ კონტროლს განახორციელებს.

საეჭვო წარმომავლობისაა ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება (აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა გაიარა დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით).