აზიური ფაროსანა

ინფორმაცია აზიურ ფაროსანაზე

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Halyomorpha halys)  წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად  2015 წელს  გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა.  მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.  თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას,  კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად  შექმნილია ცხელი ხაზი 

სამეგრელო 16 600 (ზარი უფასოა)

გურია - 16006 (ზარი უფასოა)

იმერეთი - 16 601 (ზარი უფასოა)

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური - 15 01

 

რა ზიანი მიაყენა აზიურმა ფაროსანამ 2016 წელს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს?

 

მწერმა 2016 წლის სეზონზე დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ზრდასრული ფაროსანა და მატლი (ნიმფა) აზიანებს სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ამცირებს მათ ხარისხს და ზოგიერთ შემთხვევაში გამოუსადეგარს ხდის მოსავალს. განსაკუთრებით აზიანებს თხილს, ვაშლს, ვაშლატამას, მსხალს, ჟოლოს , პამიდორს, წიწაკას, მზესუმზირას და სიმინს.

 

 როგორია აზიური ფაროსანას სიცოცხლის ციკლი?

ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას  ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში  ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან  (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ -მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ  გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად - იმაგოებად. ზრდასრული მავნებლის ზომა 12-17 მმ-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოს სურათით - ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლებით.


როდის არის საზიანო მავნებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის?

 

მცენარით კვებას ფაროსანა გაზაფხულზე (აპრილის ბოლოს-მაისიდან) იწყებს და გვიან შემოდგომამდე  აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით;  ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. მავნებლი გადასაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე  ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იძინებს აპრილამდე.

 

რა ღონისძიებები უნდა გაატაროს მოსახლეობამ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ (მექანიკური ღონისძიებები)?

 

მოსახლობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები უნდა  შეაგროვოს და  მექანიკურად გაანადგუროს. მოზამთრე პერიოდში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას. ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე.


რა პრეპარატებით შეიძლება აზიური ფაროსანას შეწამვლა და როდის?

 

მცენარეები ინსექტიციდებით უნდა დამუშავდეს მხოლოდ მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში. მნიშვნელოვანია, ქიმიური წამლობა ჩატარდეს ნიმფის (მატლის) ფაზაში. მავნებლის წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქართველოში რეგისტირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები. საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურია პირეტროიდული ჯგუფიდან ბიფეტრინის შემცველი პრეპარატები - ტალსტარი, ინსეკარი.  პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6 - 1ლ ჰექტარზე. ინსექტიციდების პირველადი შესხურება უნდა მოხდეს არა უგვიანეს ივნისის ბოლოს.

 

 უსაფრთხოების რა ნორმები უნდა იქნას დაცული პესტიციდების გამოყენებისას?

 

  • პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია  დაცვის ინდივიდუალური საშუალებები - სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი! შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვებისა მიღება. პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ  ფრინველი, საქონელი, შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა!
  • შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18-20 დღის განმავლობაში!
  • წამლობა ტარდება უქარო ამინდში დილას ან საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში!
  • არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს!


 რა აუცილებელი ინფორმაცია უნდა მიიღოს ცხელი ხაზის ოპერატორმა მოსახლეობისგან?

 

მიღებული შეტყობინება ივსება სპეციალურად შედგენილ ექსელის ფაილში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ცხელი ხაზის ოპერატორებისთვის. უნდა ვეცადოთ, ყველა გრაფა იყოს შევსებული, რომელიც მნიშვნელოვანია მავნებლის გავრცელების ლოკაციის დასადგენად.

 

რა ღონისძიებებს ჩაატარებს სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის წინააღმდეგ?

 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო სამი ძირითადი მიმართულებით განახორციელებს:

  1. ჩატრადება სრულმასშტაბიანი მონიტორინგი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;

დასავლეთ საქართველოში განისაზღვრება  მავნებლის გავრცელების არეალი და დადგინდება ქიმიური შესხურების ზუსტი თარიღი. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი - მონიტორინგი მავნებლის შესაძლო გავრცელების შესასწავლად ჩატარდება. მონიტორინგის ფარგლებში, დაგეგმილია, აგრეთვე, სპეციალური დამჭერი ხაფანგების (ფერომონების) განთავსება.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, ქიმიური წამლობა.

  1. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო შეისყიდის შესაბამის პრეპარატს და ტექნიკას, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მავნებლის გავრცელების კერებში შეწამვლით სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფები განახორციელებს, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლებები.
  2. მოსახლეობისთვის აზიური ფაროსანას შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განხორციელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია. მავნებლის ინტენსიური გავრცელების რეგიონებში, შეიქმნება საკოორდინაციო შტაბები; იმუშავებს ცხელი ხაზი, ასევე მუდმივად განახლებადი ვებგვერდი, სადაც განთავსდება მავნებლის გავრცელების ელექტრონული რუკა.

 

 რა მოცულობის ფართობი შეიწამლება უსასყიდლოდ სახელმწიფოს მიერ და რამდენჯერ?

 

მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი გადაეცემა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში (სამეგრელო, გურია, სამტრედია, გალის რაიონი) მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) ორჯერადი დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია 48 544 ჰექტარზე. ასევე, სამუშაოების ჩასატარებლად ბიფეტრინის შემცველი ინსექტიციდი გადაეცემათ პირებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი (ჯამში, დაახლოებით 5 200 ჰა).

 

როდის დაიწყება შეწამვლა?

 

მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციით, შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მიზანშეწონილია მაის-ივნისში, მავნებელის დაფრთიანებამდე (ნიმფის   ასაკში). 

 


საინფორმაციო ბეჭდური მასალები აზიურ ფაროსანაზე

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ - ბუკლეტი 

საველე ცნობარი აზიური ფაროსანას შესახებ 

მოკლე ცნობარი მოსახლეობისთვის - ფლაერი

წებოვანი ხაფანგების აწყობის ინსტრუქცია

მულტიმედია

 


როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას -ვიდეორგოლი


 


 

 გრეგორას კრავჩიკის რჩევები - სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპენციური მეხილეობის ენტომოლოგი  - ვიდეო  

 

 

 

 

რჩევები მცენარეთა დამცველებს

ნიკოლოზ მესხი - სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი

 

 

 

ინსტრუქციები

წებოვანი ხაფანგების აწყობის ინსტრუქცია:

"SOLO"-ს მოხმარების ინსტრუქცია

ინსექტიციდ ბიფენტრინის გამოყენების ინსტრუქცია

პესტიციდებთან მუშაობისას უსაფრთხოების ძირითადი ზომები

მცენარეთა დაცვის საშუალებების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება -სახელმძღვანელო

პირველადი დახმარება პესტიციდებით მოწამვლისას

მცენარეთა დაცვის საშუალებების მომზადება, შეფუთვა, შერევა და შემასხურებელ ტექნიკასთან მუშაობის უსაფრთხოება