DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებები

ინფორმაცია

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“  შეთანხმებით(DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ

 

როგორც მოგეხსენებათ 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა და 2014 წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“  შეთანხმება (DCFTA).

DCFTA მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და იძლევა საქართველოსთვის ევროკავშირის შიდა ბაზრ გახსნის საშუალებას.  

DCFTA გულისხხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, იგი მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (მაგ.: სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა) და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას - ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს უწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი. 

DCFTA IV თავი (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები)  ითვალისწინებს საქართველოს მიერ სურსათის უვნებლობის სფეროში დასაახლოებელი ევროკავშირის კანონმდებლობის ჩამონათვალის ევროკავშირისთვის წარდგენას შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში (2015 წლის თებერვლის ბოლო).

საქართველოს მიერ ზემოაღნიშნული ჩამონათვალი ევროკავშირს გადაეგზავნა დათქმულ ვადაში.

ჩამონათვალის საბოლოოდ დამტკიცებამდე ევროკავშირის ინიციატივით მიმდინარე წლის მაისში განხორციელდა TAIEX-ის მისიის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მოხდა სიის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა ევროკავშირის ექსპერტების მიერ.

წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე ჩამონათვალი განახლდა. აღნიშნული ჩამონათვალის განხილვებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უწყებების, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

საკანონმდებლო დაახლოების პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, დანართის სახით წარმოგიდგენთ ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტების ჩამონათვალს, რომლებთან საკანონმდებლო დახლოებაც უნდა განხორციელდეს საქართველოს მიერ.

სურსათის უვნებლობა

ვეტერინარია

მცენარეთა დაცვა

თქვენი მოსაზრებები აღნიშნულ ნუსხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვაწოდოთ 14 დღის ვადაში ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: infomoa@moa.gov.ge      l.inauri@moa.gov.ge