სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 21 დასახელების ნაყინი შეამოწმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ქართული წარმოების სხვადასხვა დასახელების ნაყინი შეამოწმა. პათოგენურ მიკროორგანიზმებზე - სალმონელასა და ლისტერია მონოციტოგენეზზე ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 21 დასახელების ნაყინის 105 ნიმუშს, მათ შორის, ვანილის, ჭიქის, საოჯახო, კაკაოს, ყავის, შოკოლადის, ხილის, ესკიმო და ა. შ. სხვადასხვა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებულ პროდუქციას.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაყინის 105 ნიმუშიდან არცერთი არ არის დაბინძურებული პათოგენური მიკროორგანიზმებით.  

ლისტერია მონოციტოგენეზი (Listeria monocytogenes) პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სალმონელა (Salmonella) არის ბაქტერიათა ჯგუფი, რომელიც იწვევს ტიფოიდურ დაავადებებს და მწვავე გასტროენტეროკოლიტს. უმეტესად აზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

გასულ წელს პათოგენურ მიკროორგანიზმებზე სულ შემოწმდა ნაყინის 39 ნიმუში, აქედან 20 ლისტერიასა და 19 - სალმონელაზე.