შინაგანაწესი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესი

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. შრომის შინაგანაწესის რეგულირების სფერო

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) შრომის შინაგანაწესით (შემდგომში – შინაგანაწესი) განისაზღვრება სააგენტოსა და სააგენტოში დასაქმებულ პირებს შორის (შემდგომში - დასაქმებული) არსებულ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები: მხარეთა ძირითადი უფლება-მოვალეობები, სამსახურში მიღების ძირითადი პრინციპები, დასაქმებულის სააგენტოში ინტეგრაციის პროცედურა, დასაქმებულთა ქცევის ზოგადი წესი, სამუშაო და დასვენების დრო, შვებულების სახეები და შვებულებით სარგებლობის წესი, შრომის ანაზღაურების და დამატებითი სარგებლის გაცემის წესი, დასაქმებულთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი.

მუხლი 2. შინაგანაწესის მიზნები

შინაგანაწესის მიზნებია:

ა)სააგენტოში დასაქმებულ პირთა შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;

 ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

 გ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

დ) სააგენტოს გამართული მუშაობის ხელშეწყობა.

 

მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის პრინციპები

1. სააგენტოსა და დასაქმებულს შორის, ასევე უშუალოდ დასაქმებულებს შორის შრომითი ურთიერთობები დამყარებულია მხარეთა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, კეთილსინდისიერებისა და კოლეგიალობის პრინციპებზე.

2. შრომით ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

 3. თოთოეული დასაქმებული თანასწორუფლებიანია და აქვს კარიერული და პროფესიული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობა.

 

მუხლი 4. შინაგანაწესის მოქმედების სფერო

1. შინაგანაწესის მოქმედება ვრცელდება სააგენტოში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა. შინაგანაწესის დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

11. შინაგანაწესის  მე-7, მე-13, მე-15, 22-ე და 23-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება სტაჟიორზე, რომელიც სტჟირებას გადის სააგენტოში.

2. შინაგანაწესი წარმოადგენს დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

თავი II. მხარეთა უფლება-მოვალეობები

 მუხლი 5. სააგენტოს ძირითადი ვალდებულებები სააგენტო ვალდებულია:

ა) დასაქმებულებს შეუქმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო;

ბ) დასაქმებული უზრუნველყოს მუშაობისათვის აუცილებელი მატერიალურ- ტექნიკური საშუალებებით, უზრუნველყოს დასაქმებულის სამუშაო ადგილას შრომის სათანადო პირობების შექმნა.

 გ) იზრუნოს დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისა და შრომის ნაყოფიერების ამაღლებაზე.

მუხლი 6. დასაქმებულის ძირითადი ვალდებულებები დასაქმებული ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები;

ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას იმ სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას;

გ) შეასრულოს ხელმძღვანელის დავალებები თუ ეს არ  ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

დ) არ დაუშვას ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც აფერხებს სააგენტოს მუშაობას და ლახავს მის საქმიან რეპუტაციას.

ე) არ გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პოლიტიკური პარტიების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროპაგანდის ან ინტერესების განხორციელებისათვის;

ვ) დაიცვას ქცევის წესები და პროფესიული ეთიკის ნორმები.

ზ) გაუფრთხილდეს დასაქმებულის ქონებას და კეთილსინდისიერად შეინახოს იგი, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვას დასაქმებულის საკუთრება განადგურებისაგან, დაკარგვისაგან, დაზიანებისა და გაფუჭებისგან.

  

   მუხლი 7. ქცევის წესები და პროფესიული ეთიკის ნორმები

        1. დასაქმებული საზოგადოებასთან ურთიერთობისას  პატივისცემით უნდა მოეპყროს თანამოსაუბრეს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს დასაბუთებულ კრიტიკას.        

  2. დასაქმებული ვალდებულია პატივი სცეს სხვა პირის სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები და თავისუფლებები.  

        3. დაუშვებელია ისეთი შეხედულებების გამოხატვა, რომელიც მიზნად ისახავს პირის შეზღუდვას ან შეურაცხყოფის მიყენებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის,  რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის ნიშნით.

4. საზოგადოებასთან ურთიერთობისას კონფლიქტური სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია შეინარჩუნოს წონასწორობა და არ გააღვივოს კონფლიქტი.

 5. დაუშვებელია საზოგადოებასთან  ურთიერთობისას ხმაღალი საუბარი ან შეუფერებელი სიტყვებისა და ჟარგონების გამოყენება.

6. კოლეგებთან ურთიერთობისას დასაქმებული უნდა ხელმძღვანელობდეს პროფესიული სოლიდარობის პრინციპით, კერძოდ :

ა) ხელს უნდა უწყობდეს კოლეგებს შორის ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავს არიდებდეს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;

ბ) საკუთარ გამოცდილებას უნდა უზიარებდეს იმ კოლეგებს, რომელთა კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ამას საჭიროებს;

 გ) თავს უნდა იკავებდეს კოლეგის საქმიანობაში ჩარევისაგან;

დ) არ უნდა ითხოვდეს კოლეგისაგან ისეთი მომსახურების გაწევას, რომელიც გაართულებს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;

ე) წინასწარ - განზრახ არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაში;

 ვ) ტაქტიანად უნდა მიუთითებდეს კოლეგას, მის მიერ დაშვებულ შეცდომასა და ხარვეზზე;

ზ) უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სოლიდარობის და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ სხვა პრინციპებსა და ნორმებს.

თ) დაუშვებელია კოლეგასთან ურთიერთობისას ხმამაღლა საუბარი ან შეუფერებელი სიტყვებისა და ჟარგონების გამოყენება.

მუხლი 8. ელექტრონული საქმისწარმოების სისტემით, სააგენტოს  ელექტრონული ფოსტით და ინტერნეტით სარგებლობის წესები

 1. ელექტრონული საქმისწარმოების, სააგენტოს ელექტრონული ფოსტის და ინტერნეტის სისტემები, მათში განთავსებული ინფორმაციის ჩათვლით, წარმოადგენს სააგენტოს საკუთრებას და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ საქმიანი მიზნით;

  2. სააგენტოს ელექტრონული ფოსტის და ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი და/ან მიღებული ინფორმაცია ორგანიზაციის საკუთრებაა და სააგენტოს მათზე წვდომის და გამოყენების შეუზღუდავი უფლება აქვს;

  3. დასაქმებულის მიერ სააგენტოს ელექტრონული ფოსტის, ელექტრონული საქმისწარმოების და/ან ინტერნეტის სისტემების მოხმარებისას აღნიშნული წესების დაცვის მონიტორინგი ხორციელდება სააგენტოს მიერ.

  4. ყველა დასაქმებული ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა, სააგენტოს ელექტრონული ფოსტა და დროულად მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

მუხლი 9. საჩუქარი

 დასაქმებულს ეკრძალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან საჩუქრები, ფულადი ან სხვა ქონებრივი სიკეთე, გართობის, დასვენების, სატრანსპორტო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა) ან სხვაგვარი მომსახურება.

მუხლი 10. სამსახურებრივი შეთავსება

1. დასაქმებულს უფლება აქვს შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სააგენტოში ან სააგენტოს ფარგლებს გარეთ, თუ მისი საქმიანობა არ ეწინააღმდეგება სააგენტოს საქმიანობას და ინტერესებს.

2. სააგენტოს გარეთ სხვა თანამდებობის დაკავება ან ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა, დასაშვებია მხოლოდ სააგენტოში დადგენილ არასამუშაო დროს.

3. დასაქმებული ვალდებულია სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის შესრულების დროს, რომელიც ემთხვევა  სააგენტოში დადგენილ სამუშაო დროს,  აცნობოს უშუალო უფროსს და სააგენტოს უფროსს. შეთავსება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს უფროსის თანხმობის შემთხვევაში.

მუხლი 11. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

1. სააგენტოში დაცული გარკვეული ინფორმაცია/მონაცემები კონფიდენციალურია. ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს სამართლებრივი აქტით.

2. დასაქმებულებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, როგორც შრომითი ურთიერთობების პერიოდში, ასევე მისი დასრულების შემდეგ, მიუხედავად შრომითი ურთიერთობის დასრულების პერიოდისა, ეკრძალებათ კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირებისათვის ნებისმიერი ფორმით (ზეპირი, ნაბეჭდი, წერილობითი, ციფრული, ელექტრონული, ჩანაწერის, ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალის ან სხვა სახით) გამჟღავნება ან საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება.

მუხლი 12. დასაქმებულთა ჩაცმულობა

 1. სამუშაო დღეებში დასაქმებული ვალდებულია დაიცვას ჩაცმულობის საქმიანი სტილი.

2. ტანსაცმელი უნდა იყოს სუფთა და მოწესრიგებული.

3. დასაქმებული, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) მამაკაცებს უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული ვარცხნილობა, სამსახურში უნდა გამოცხადდნენ წვერგაპარსული ან მოწესრიგებული წვერით;

 ბ) ქალბატონებს უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული ვარცხნილობა. გრძელი თმის შემთხვევაში (მხრებს ქვემოთ) - შეკრული თმა.

გ) მამაკაცებს უნდა ეცვათ კლასიკური სტილის, ნაჭრის ან ჯინსის შავი, მუქი ლურჯი ან  მუქი ნაცრისფერი შარვალი,  სააგენტოს სპეციალური ზედატანი (სეზონურად ქურთუკი, პულოვერი, პერანგი, ჟილეტი და კეპი).

დ) ქალებს უნდა ეცვათ კლასიკური სტილის, შავი, მუქი ლურჯი ან მუქი ნაცრისფერი სადა ქვედა კაბა ან შარვალი და სააგენტოს სპეციალური ზედატანი (სეზონურად ქურთუკი, პულოვერი, პერანგი, ჟილეტი და კეპი).

ე) დაუშვებელია სპორტული ფეხსაცმლის (ბოტასი, კედი) ჩაცმა.

ვ) დასაქმებულს უნდა  ეკეთოს იდენტიფიკატორი/ბეჯი მაქსიმალურად გამოსაჩენ ადგილას.

მუხლი 13. სამუშაო ადგილი

დასაქმებული ვალდებულია ჰქონდეს მოწესრიგებული სამუშაო ადგილი და სამუშაო ოთახში დაიცვას ჰიგიენის ნორმები.

მუხლი 14. სააგენტოში მოქალაქეთა მიღების წესი

1. სააგენტოში მოქალაქეთა მიღება ხორციელდება საშვის დაშვების შემდეგ.

 2. საშვის დაშვების უფლებით სარგებლობენ:

ა) სააგენტოს უფროსი;

 ბ) სააგენტოს უფროსის მოადგილეები;

გ) სააგენტოს დეპარტამენტის უფროსები;

 დ) სააგენტოს დეპარტამენტის უფროსების მოადგილეები;

ე) სააგენტოს სამმართველოს უფროსები;

 ვ) სააგენტოს უფროსის თანაშემწე;

ზ) სააგენტოს უფროსის მოადგილეების თანაშემწეები.

მუხლი 15. თამბაქოს მოხმარების წესები

 1. სააგენტოში თამბაქოს მოწევა შესაძლებელია მხოლოდ ამისათვის გამოყოფილ სპეციალურ მოსაწევ ადგილებში.

2. სააგენტოში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილი სპეციალური ადგილი არ შეიძლბა იყოს:

ა) მოსაცდელი და დასასვენებელი ოთახები, სამზარეულოები, დერეფნებში, კიბის უჯრედები;

 ბ) ჰიგიენური წერტილები;

 გ) სამუშაო ოთახები;

დ) წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, სუსტი დენების, გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ტერიტორიები.

 

თავი III. სამსახურში მიღება და ინტეგრაცია სააგენტოში

მუხლი 16. სამსახურში მიღება

      1. სააგენტოში პირის მიღება ვაკანტურ თანამდებობზე ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკურსის წესით.  

  2. შტატგარეშე მომუშავე სამსახურში შესაძლებელია მიღებულ იქნეს, როგორც კონკურსის წესით, ასევე კონკურსის გარეშეც. 

    3. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანდიდატთა დასაქმების გამჭირვალე, ობიექტური და მიუკერძოებელი პროცესის წარმართვას, ასევე ნებისმიერი კანდიდატისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას და საკუთარი თავის რეალიზებისათვის მაქსიმალური ხელშემწყობი პირობების შექმნას.   

   4. სააგენტოში ახალი დასაქმებულის მიღების პროცესი მოიცავს მომზადების, შერჩევის, დანიშვნის და დასაქმებულის სააგენტოში ინტეგრაციის ეტაპებს.

მუხლი 17. მოსამზადებელი ეტაპი

 1. მოსამზადებელ ეტაპზე ხდება სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობაზე პირის აყვანის საჭიროების ან აუცილებლობის გამოვლენა.

2. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია  ახორციელებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ სამუშაო მოთხოვნებისა და შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებას, ასევე ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის გამოსაცდელი ვადის აუცილებლობის განსაზღვრას.

 

 

 

მუხლი 18. შერჩევისა და დანიშვნის ეტაპები

1. სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება და ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის შერჩევა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ვაკანტურ თანამდებობაზე პირის დანიშვნა ხდება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

 3. სააგენტოში მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება;

 ბ) Curriculum Vitae (CV);

 გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;

დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ე) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ;

ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ზ) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

4. პირს, რომელსაც სურს, სააგენტოში მიღებულ იქნეს შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობაზე,  დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს მე-3 პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტები, გარდა "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა.

5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს. დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

6. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატისთვის:

ა) შინაგანაწესის გაცნობას, რასაც ხელმოწერით ადასტურებს ვაკანტურ თანამდებობაზედასანიშნი კანდიდატი

ბ) თანამდებობრივი ინსტრუქცის გაცნობას, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც მოითხოვება კონკრეტული თანამდებობისთვის.

 გ) შრომის პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

 

მუხლი 19. გამოსაცდელი ვადა 

1. დასაქმებულთან გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება შესაძლოა დაიდოს მხარეთა შეთანხმებით მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 6 თვის ვადით.

 2. გამოსაცდელი ვადა გამოიყენება შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის შესაბამისობის დადგენის მიზნით.  დასაქმებულის საბოლოო შეფასებას გამოსაცდელი ვადის ამოწურვისას ახდენს დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელი.

 3.სააგენტო უფლებამოსილია, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში, დასაქმებულთან  შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.

მუხლი 20. დასაქმებულის ინტეგრაცია სააგენტოში 

თანამდებობაზე პირის დანიშვნის შემდეგ, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ხელს უწყობს დასაქმებულის ინტეგრირებას სამუშაო გარემოში, კერძოდ: უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურის ზოგად გაცნობას, უტარებს მცირე ექსკურსიას შენობაში, რომელშიც დასაქმებულს მოუწევს ძირითადი საქმიანობის განხორციელება, აცნობს შენობაში შესასველელი საშვის მისაღებად საჭირო პროცედურებს, აცნობს სააგენტოში მოქმედ სადაზღვევო პაკეტებს, აწვდის კორპორატიული ნომრის მოთხოვნის წესს, ორგანიზებას უწევს დასაქმებულის  სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამასა და ელექტრონულ ფოსტაში ჩართვისთვის საჭირო ღონისძიებებს.

მუხლი 21. დასაქმებულის პირადი საქმე

  1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო აწარმოებს ყველა დასაქმებულის პირად საქმეს, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებს:

ა) Curriculum Vitae (CV);

 ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;

გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

დ) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ;

 ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

ზ) სააგენტოში მუშაობის პერიოდში გავლილი ატესტაციის შედეგები;

თ) თანამდებობაზე დანიშვნა/გათავისუფლების, დაქვეითების, დაწინაურების, სხვა თანამდებობის მოვალეობის შეთავსების, დისციპლინური სახდელებისა და წახალისების შესახებ დოკუმენტების ასლები.

 2. შეფარდებული დისციპლინური სახდელის შესახებ ინფორმაცია შეიტანება და რჩება დასაქმებულის პირად საქმეში, მიუხედავად მისი გაქარწყლებისა ან ვადაზე ადრე მოხსნისა. დასაქმებულის პირად საქმეში ასევე შეიტანება ინფორმაცია დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ.

 

თავი IV. სამუშაო განრიგი

 მუხლი 22. სამუშაო დრო

 სააგენტოში დადგენილია შემდეგი სამუშაო განრიგი:

ა) 5 დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან - პარაკევის ჩათვლით (სამუშაო დღეები);

ბ) სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი.

გ) სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი და დასასრული - 18:00 საათი.

დ) დასაქმებულებს, რომელთაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი, სააგენტოს უფროსის სახელზე წერილობითი განცხადების საფუძველზე, სამუშაო დღის ხანგრძლივობა განესაზღვრებათ 09.30 საათიდან - 18.00 საათამდე.

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული განრიგი

მუხლი 23. დასვენების დრო

 1. სააგენტოში დასვენების დღეებია - შაბათი და კვირა, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეები.

2. შესვენების დრო განსაზღვრულია 13:00 საათიდან 14:00 საათამდე.

3. დასაქმებულს, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში  1 საათი.

 4. დასაქმებულს უფლება აქვს ყოველი თვის განმავლობაში  ისარგებლოს 8 საათით (1 სამუშაო დღით), რისთვისაც სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უნდა მიმართოს უშუალო უფროსს და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს. დასაქმებულს აღნიშნული დრო შეუძლია გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ  60 წუთიანი დამრგვალებით.

მუხლი 24. სამსახურში დაგვიანება და სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

1. დასაქმებული ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილას და დარჩეს სამუშაო დროის ამოწურვამდე.

 2. სამუშაო დღეს სამსახურში დაგვიანებად მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაო ადგილზე 15 წუთზე მეტი პერიოდით დაგვიანებით გამოცხადება.

3. თუ დასაქმებული,  რომლის სამუშაო დროის დასაწყისი განსაზღვრულია 09.30 საათიდან და დაგვიანებით გამოცხადდება სამუშაო ადგილზე, აღნიშნული მიიჩნევა სამსახურში დაგვიანებად.

 4. თუ დასაქმებული ვერ ახერხებს სამსახურში გამოცხადებას გაუთვალისწინებელი გარემოებების  გამო, იგი ვალდებულია ამის შესახებ ზეპირად ან წერილობით (მათ შორის პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და  ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს. დასაქმებულის მხრიდან შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა შექმნილი გარემოებების გამო შეუძლებელია სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინება. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია სამსახურში გამოცხადების შემდეგ წარმოადგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი სამსახურში არყოფნის მიზეზის შესახებ.

მუხლი 25. სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის აღრიცხვის წესი

 1. დასაქმებულთა სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან გასვლის დაფიქსირება ხორციელდება მართვის ავტომატიზირებული სისტემის - ე.წ. „ტურნიკეტი“-ს გამოყენებით.

2. ყველა დასაქმებული, გარდა სააგენტოს უფროსის და მოადგილეებისა ვალდებულია „ტურნიკეტის“ მეშვეობით ყოველ სამუშაო დღეს დააფიქსიროს სამსახურში გამოცხადება და სამსახურიდან გასვლა.

3. დასაქმებული, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ აფიქსირებს სამსახურში გამოცხადებას ან სამსახურიდან გასვლას ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს.

 4. სააგენტოს რეგიონალურ სამმართველოებში თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების და სამუშაოდან წასვლის აღრიცხვა ხორციელდება ჟურნალში, რომლის სწორად წარმოებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ შესაბამისი სამმართველოების უფროსები.

 მუხლი 26. არასამუშაო დროს სამუშაო ადგილზე ყოფნის პირობები

1. დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე შესვენებისა და სამუშაო დროის შემდგომ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის ყოფნა ნებაყოფლობითია.

2. დასაქმებულზე, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმყოფება სამუშაო ადგილზე ვრცელდება შინაგანაწესით დადგენილი წესები.

თავი V. შრომის ანაზღაურება

მუხლი 27. შრომის ანაზღაურება

1. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება (შემდგომში ხელფასი) ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საბანკო დაწესებულებაში გახსნილ დასაქმებულის პირად ანგარიშზე ჩარიცხვით.

2. შრომის ანაზღაურების გაცემა ხდება ყოველი  თვის არაუადრეს  22 რიცხვისა.

თავი VI. ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურება

მუხლი 28. ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურება

1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.

2. სამსახურში ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, არასამუშაო ან უქმე დღეებში დასაქმებილის ზეგანაკვეთური მუშაობა დაიშვება  სააგენტოს ხელმძღვანელის, მისი მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წერილობითი დავალების საფუძველზე.

3. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის, კერძოდ 115%-ის ოდენობით.

 4. თანამშრომლის ზეგანაკვეთური სამუშაო არ უნდა აღემატებოდეს ოთხ საათს ზედიზედ ორი დღის განმავლობაში და 10 საათს უქმე დღეებში, მთელი წლის განმავლობაში კი 120 საათს.

5. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვნების დროის მიცემაზე.

6. აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

7. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:

ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის ანაზღაურების გარეშე;

ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – სათანადო ანაზღაურებით.

თავი VIII. შვებულება

მუხლი 29. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება

1. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 24 სამუშაო დღით.

2. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს ეძლევა სააგენტოში მუშაობის 11 თვიანი მუშაობის შემდეგ. დასაქმებულს უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდე. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ დროს.

 3. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ანაზღაურებადი შვებულების ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

4. გამონაკლის შემთხვევებში, დასაქმებულის თანხმობით, შესაძლოა მოხდეს შვებულებაში მყოფი დასაქმებულის სამსახურში გამოძახება. ამ შემთხვევაში დასაქმებულს ენახება გამოუყენებელი შვებულების დღეები.

5. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

6. სააგენტო უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის ანაზღაურებადი შვებულების მიცემის რიგითობა, რისთვისაც უფლებამოსილია დასაქმებულებს გარკვეული პერიოდებში მოსთხოვოს შვებულებით სარგებლობის სავარაუდო პერიოდის წინასწარ განსაზღვრა, რათა ერთსა და იმავე პერიოდში არ მოხდეს დასაქმებულთა მიერ შვებულებით სარგებლობა და აღნიშნულით სააგენტოს/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს მუშაობის შეფერხება.

მუხლი 30. ანაზღაურების გარეშე შვებულება

1. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით -  წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით და არაუმეტეს 6 თვისა.

2. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ანაზღაურების გარეშე შვებულების ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

 3. სააგენტოს უფლება აქვს უარი უთხრას დასაქმებულს 15 კალენდარულ დღეზე მეტი ხანგრძლივობის ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობაზე.

მუხლი 31. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

 მუხლი 32.  შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო

დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

მუხლი 33. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურება

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.

მუხლი 34. დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო

1. დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.

2. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.

მუხლი 35. სასწავლო შვებულება კვალიფიკაციის ასამაღლებლად   

დასაქმებულს 5 წელიწადში ერთხელ ანაზღაურების შენარჩუნებით ეძლევა  სასწავლო  შვებულება  3  თვემდე  ვადით  კვალიფიკაციის  ამაღლების  მიზნით.

მუხლი 36. სხვა სახის შვებულებები

1. სააგენტო ვალდებულია მისცეს დასაქმებულს საქორწინო შვებულება არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ოდენობით, რომელიც დასაქმებულს არ გამოექვითება ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულების დღეებიდან.

2.სააგენტო ვალდებულია ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში დასაქმებულს მისცეს შვებულება არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ოდენობით. ეს დღეები დასაქმებულს არ გამოექვითება ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულების დღეებიდან.

 მუხლი 37. შვებულებაში გასვლის პროცედურა

   1. დასაქმებული ვალდებულია ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებით სარგობლობის თაობაზე, არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული გამონაკლისი შემთხვევებისა) წერილობით მიმართოს სააგენტოს უფროსს.    2. დასაქმებულს შვებულების განცხადების დაკმაყოფილების მიზნით განცხადებაზე ვიზირებას ახდენს   უშუალო ხელმძღვანელი და დეპარტამენტის უფროსი .   

3. დასაქმებული ვალდებულია შვებულებაში გასვლამდე დაასრულოს იმ დროისათვის შესასრულებელი სამუშაო, ასევე, შვებულებაში გასვლამდე უზრუნველყოს მასთან არსებული სამსახურებრივი ხასიათის დოკუმენტაციის გადაცემა უშუალო უფროსისათვის.

თავი IX. მივლინება

მუხლი 38. მივლინება

1. მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე.

 2. მივლინება ფორმდება იმ შემთხვევაში, თუ მივლინების მანძილი აღემატება 30 კმ-ს თანამშრომლის მუდმივი სამუშაო ადგილიდან.

 3. დასაქმებულის მივლინება ხდება დასაქმებულის ან მისი უშუალო ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელის ვიზირებას ახდენს  დეპარტამენტის უფროსი. მოხსენებით ბარათში აღწერილი უნდა იყოს მივლინების მიზანი, მივლინების ადგილი და ვადები.

 4. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები. სამივლინებო თანხის ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ტარიფებით.

5. სააგენტო არ ანაზღაურებს მიმღები მხარის მიერ დასაქმებულისათვის მივლინებასთან დაკავშირებით ანაზღაურებულ ხარჯებს.

6. მივლინების თაობაზე ბრძანებისა და მოხსენებითი ბარათის საფუძველზე სააგენტოს საფინანსო და საბუღალტრო სამმართველო დასაქმებულს ავანსის სახით ურიცხავს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების თანხას.

7. დასაქმებული მივლინებიდან დაბრუნებისთანავე წარუდგენს სააგენტოს მოხსენებით ბარათს მივლინებისას შესრულებული დავალების თაობაზე.

თავი X. დასაქმებულის წახალისება და დაწინაურება

 მუხლი 39. სამსახურებრივი წახალისების სახეები

1.სამსახურებრივი წახალისების სახეებია:

 ა) პრემიის გაცემა;

 ბ) მადლობის გამოცხადება;

 გ) დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა.

 2. გაწეული საქმიანობისათვის დასაქმებულს სააგენტოს უფროსის მიერ შესაძლოა საჯაროდ გამოეცხადოს მადლობა. მადლობის გამოცხადება ხდება წერილობითი ფორმით და შეიტანება პირად საქმეში.

 3.დასაშვებია დასაქმებულის მიმართ წახალიხების რამდენიმე სახის ერთდროულად გამოყენება.

 მუხლი 40. დაწინაურება

 1. დასაქმებული, რომელიც წლის განმავლობაში გამორჩეულად კარგად შეასრულებს სამუშაოს, შესაძლებელია დაწინაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ სააგენტოში არსებობს ვაკანტური თანამდებობა და დასაქმებული აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს.

 2. დასაქმებულის დაწინაურების საკითხს აყენებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დასაქმებულის წერილობითი თანხმობით,  სააგენტოს უფროსის წინაშე. 

 3. დაუშვებელია დასაქმებულის დაწინაურება დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში.

თავი XI. დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 41. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპები

 1. დასაქმებულს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (დისციპლინური სახდელი) შეეფარდება, თუ იგი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ჩაიდენს დისციპლინურ გადაცდომას.

2. ყველა დასაქმებული თანაბრად აგებს პასუხს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის.

3. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის მიზანი, მოტივი და გარემოებები, შედეგი, რომელიც გამოიწვია ან შეიძლება გამოეწვია დისციპლინურ გადაცდომას.

 4. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში დასაქმებულს საერთოდ არ ეძლევა დანამატი. ასევე, მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას რაიმე სახის წახალისების ფორმა, გარდა  სადღესასწაულო პრემიის გაცემისა.

5. დისციპლინური სახდელის შეფარდებისას მხედველობაში არ მიიღება გაქარწყლებული ან ვადამდე ადრე მოხსნილი დისციპლინური სახდელი.

მუხლი 42. დისციპლინური გადაცდომა

დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება დასაქმებულის მიერ:

 ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება;

 ბ) სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის ან სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა;

გ) სააგენტოს შინაგანაწესის უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) სააგენტოში დასაქმებული პირის ან სააგენტოს დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი, განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ;

ე) ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სააგენტოს ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და სააგენტოს საქმიან რეპუტაციას;

ვ) კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;

ზ) ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამსახურში გამოცხადება;

თ) სააგენტოსთვის განზრახ ან დაუდევრობით მატერიალური/ქონებივი ზიანის მიყენება ან არსებითი ზიანის მიყენების საფრთხის შექმნა;

ი) სააგენტოს ტექნიკისა და აღჭურვილობის უნებართვოდ გამოყენება.

კ) ქცევის წესებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევა.

მუხლი 43. დისციპლინური სახდელები

 1.დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დასაქმებულს შეიძლება შეეფარდოს შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) გაფრთხილება;

ბ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

გ)  უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არაუმეტეს ერთი წლისა;

დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

2.დისციპლინური გადაცდომის ერთი შემთხვევისათვის შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელის შეფარდება.

3.დისციპლინური სახდელის შეფარდების ნაცვლად თანამშრომელს შესაძლოა მიეცეს სიტყვიერი გაფრთხილება

მუხლი 44. რეციდივი

1. რეციდივი არის დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა.

2. რეციდივის შემთხვევაში გამოიყენება იგივე ან იმ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე სახდელი, რომელიც გამოყენებულ იქნა ამ დისციპლინური გადაცდომის პირველად ჩადენის შემთხვევაში.

მუხლი 45. დისციპლინური გადაცდომის ხანდაზმულობის ვადა

1. დისციპლინური სახდელების მოქმედების ვადაა 6 თვე.

2. თუ თანამშრომლის მიმართ 6 თვის ვადაში არ იქნა გამოყენებული ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

მუხლი 46. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა

1. სააგენტოს უფროსს შეუძლია  დასაქმებულს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური სახდელი, თუ გასულია არანაკლებ 1 თვე დისციპლინური სახდელის შეფარდებიდან, დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა.

2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე გამოიცემა სააგენტოს უფროსის ბრძანება, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის დასაქმებულს.

მუხლი 47. დისციპლინური წარმოების წესი და პროცედურები.

1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი დოკუმენტი ან ცნობა (ინფორმაცია), ისეთი ქმედების შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინურ გადაცდომად.

2. დისციპლინური წარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დისციპლინური წარმოების განსახილველად დადგენილ ვადაზე მეტი, შესაძლებელია წარმოების ვადის გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით.

3. სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია ახსნა-განმარტება ჩამოართვას პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება, განცხადების (საჩივრის) ავტორს ან ნებისმიერ პირს, რომელსაც შეიძლება შეხება ჰქონდეს გამოსარკვევ საკითხთან. დისციპლინური წარმოებისას ახსნა-განმარტების წერილობით ჩამორთმევა პირისთვის, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება, სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ პირის გამოცხადება/გამოკითხვა.

4. სააგენტოში დასაქმებული პირი ვალდებულია, დისციპლინური წარმოების პროცესში, სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი თუ ინფორმაცია, მოთხოვნის შესაბამისად გამოცხადდეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, მისცეს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა- განმარტება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

5. დისციპლინური წარმოების დასრულებისთანავე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი ამზადებს წერილობით დასკვნას და წარუდგენს სააგენტოს უფროსს.“

6. დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანება და შესაბამისი დასკვნა უნდა დაერთოს დასაქმებულის პირად საქმეს.