ქართველი ფიტოსანიტარები აზიელი სპეციალისტებისთვის ტრენინგს ატარებენ

მიმდინარე წლის 19-22 ივლისს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ჩაატარა სწავლება კალიების საწინააღმდეგო ულტრამცირემოცულობიანი შესხურებისა და მისი უსაფრთხო გამოყენების საკითხებზე. კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული დახმარების ფარგლებში, ჩატარდა თეორიული და საველე სწავლება კახეთის რეგიონში, სადაც კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე აზიის ქვეყნების სპეციალისტებისათვის სწავლება სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა ჩაატარეს. „უცხოელი კოლეგებისთვის სწავლების კურსის ჩატარება ქართველი სპეციალისტების აღიარებაა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის იმიჯზე. გვეძლევა საშუალება, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ აზიელ კოლეგებს, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლების პარალელურად, ეცნობიან კალიებთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდებს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა.

გალერეა