სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

„ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილება შთამბეჭდავი და სამაგალითოა“ - ნიკო ჰორნი

„ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილება შთამბეჭდავი და სამაგალითოა“ - ნიკო ჰორნი

/ სააგენტოს სიახლე

საქართველოში ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO)  სპეციალისტები იმყოფებოდნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სპეციალისტებმა, აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრში დეტალური ინფორმაცია  მიიღეს მიმდინარე შეწამვლის სამუშაოების, მონიტორინგის, მოსახლეობის ინფორმირების, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის შესახებ, დაათვალიერეს ადგილზე მობილიზებული ტექნიკა და  აღჭურვილობა. ორგანიზაციის  წევრები ველზე გაეცნენ მონიტორინგის სისტემებსა  და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებს.

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO)  წამყვანი სპეციალისტების  შეფასებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილება და სტრატეგია სამაგალითოა და მნიშვნელოვანია მოხდეს მისი გაზიარება ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების მიერ, რადგან აღნიშნული მავნებლის გავრცელების საფრთხე საკმაოდ დიდია.  ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაცია (EPPO) მზად არის საქართველოს  შესაბამისი საინფორმაციო პლატფორმა შესთავაზოს.

„ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ისწავლოს საქართველოს გამოცდილებიდან. მისაბაძია, თუ როგორ აწვდით მოსახლეობას ინფორმაციას შეტყობინებისა და ვიდეორგოლების საშუალებით. ფაროსანასთან ბრძოლა არ არის მხოლოდ სახელმწიფო კამპანია, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა  და საყოველთაო პასუხიმგებლობა“,- განაცხადა  ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO ) გენერალურმა  დირექტორმა,  ნიკო ჰორნიმ.

„ძალიან შთამბეჭდავია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის თქვენი სტრატეგია. ჩვენთვის სამაგალითოა საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვისა  და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობის თქვენი მიდგომები. მინდა აღვნიშნო, რომ საუკეთესოა თქვენი გზავნილების სისტემა, საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობა, ჯგუფების მობილიზება და გადანაწილება სხვადასხვა ლოკაციაზე“, –აღნიშნა ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO)  გენერალური დირექტორის ასისტენტმა ფრანსუაზა პეტერმა. 

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას 15-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ვიზიტის ფარგლებში, სპეციალისტები ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს ინფორმაცია ენდემურ და ეგზოტიკურ მცენარეებზე მავნებლების ზეგავლენისა და  ბრძოლის მეთოდების  შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO) 2016 წელს გაწევრიანდა.